ზლატან იბრაჰიმოვიჩი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ფრანგული პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთისა და ესტონეთის ნაკრებებს შორის ამხანაგურ მატჩში გოლი ორჯერ გაიტანა და ქვეყნის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

32 წლის თავდამსხმელმა შეხვედრაში პირველი გოლი უკვე მესამე წუთზე გაიტანა, როდესაც კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მარცხენა ფეხით, ეფექტურად გადაგზავნა კარში.

24-ე წუთზე, იბრაჰიმოვიჩმა კიდევ ერთხელ გაიტანა. მეორე გოლიც არანაკლებ ტექნიკური გამოვიდა.

ეს შვედი ფორვარდის 99-ე მატჩი იყო ეროვნულ ნაკრებში, მან 50-ე გოლით, 1932 წელს დამყარებული რეკორდი დაამხო. ლეგენდარულ სვენ რიდელს 82 წლის წინ ეროვნულ გუნდში 43 მატჩში 49 გოლი დაუგროვდა.

მეორე გოლის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩმა მაისური გაიხადა, ტანზე კი მეორე ეცვა, რომელზეც ეწერა: "ეს თქვენ გახადეთ შესაძლებელი". მატჩის შემდეგ, უკვე ლეგენდარულმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ეს წარწერა მის ოჯახს და გულშემატკივრებს ეძღვნებოდა. ჟურნალისტებმა იბრაჰიმოვიჩს ნაკრებში გატანილ გოლებს შორის ყველაზე ლამაზის გამორჩევაც სთხოვეს...

"ყველაზე ლამაზი ინგლისის წინააღმდეგ იყო, მას ვერავინ აჯობებს, მაგრამ ყველა გოლი მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

კომენტარები