რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

ჩერგოლეიშვილი: მთავრობა რუსულ ნარატივში თავით შევარდა, მათ მოედანზე თამაშობს

რუსული პროპაგანდა საქართველოში სამ სვეტს ეფუძნება. ერთი მიმართულებაა იმის გავრცელება, რომ პუტინი არის უძლეველი და მას მაინც ვერავინ ვერ მოერევა და ამიტომ უნდა დავწვეთ და გავუწვეთ. ამას მარტო რუსული პროპაგანდის აგენტები კი არ ავრცელებენ, ამას ხელს უწყობს ხელისუფლებაც, ხშირად გაგვიგია ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ის, რომ ჩვენ თუ წინააღმდეგობას გავუწევთ, იგივე მოხდება, რაც უკრაინაში. თითქოს უკრაინას ადანაშაულებენ იმაში, რომ წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ, მაგ შემთხვევაში რუსეთი თავს არ დაესხმეოდა და ა.შ. არაფერში ისეთი მოწესრიგებულები არ არიან, როგორც ამ გზავნილში, ძალიან მეთოდურად ავრცელებს ხელისუფლება ამ გზავნილს. მეორე, რასაც რუსული პროპაგანდა ადგას, არის ის, რომ რუსულ ბაზარზეა ქართული ეკონომიკის ხსნა. აქაც, გარდა უშუალოდ პროპაგანდის აგენტებისა, ხელისუფლებაც აქტიურად უწყობდა ამას ხელს. ისევ რუსული ეკონომიკის კოლაფსმა გვიშველა, რომ ამაზე გაჩერდნენ. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ იხარჯებოდა დიდი დრო თავის ქებაზე იმაზე, რომ რუსული ბაზარი გახსნეს, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ, როგორი კარგები ვართ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. მესამე მიმართულება არის ის, რომ ავრცელებენ, რომ პუტინი არის მორალური ღირებულებების, ქრისტიანული მორალის დამცველი, ერთმორწმუნე, დასავლეთი კი თქვენ გადაგაქცევთ ჰომოსექსუალებად და გაიძულებთ, კაცებმა ერთმანეთზე იქორწინოთ. აქაც თავიდან ფეხებამდე ჩაეშვა არა მარტო ხელისუფლება, არამედ ის პარტიებიც, რომლებიც თავს პროდასავლურს უწოდებენ, მხედველობაში მაქვს ალასანიას პოლიტიკური ძალა. ნაცვლად იმისა, რომ დღეს ვსაუბრობდეთ ეკონომიკურ პრობლემებზე, იმაზე, რაც მოსახლეობას უჭირს, თავს ვიცავთ დასავლეთისგან, რომ კონსტიტუციით განვსაზღვროთ ქორწინება, რაც ისედაც განსაზღვრულია. ქორწინება რა არის, ამას საზოგადოება განსაზღვრავს, გასაგებია რაცაა ქორწინება, ჩვენს კანონმდებლობაში ეს ძალიან კარგად წერია, მაგრამ ჩვენ შევვარდით თავით რუსულ ნარატივში და იმათ მოედანზე ვთამაშობთ, აბსოლუტურ სისულელეზე ვლაპარაკობთ, თითქოს ვინმე ჩვენს შიდა საქმეებში ერევა და აიძულებს საზოგადოებას თავს მოახვიოს ესა თუ ის მოსაზრება. 

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში რუსულ პროპაგანდაზე

კომენტარები