ახვლედიანი: ქართულ ოცნებას არჩევნების მოგება არ შეუძლია, ამიტომ ის გააყალბებს

primetimenews,ge

პარტია ქართული ოცნების დატოვებასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა არმაზ ახვლედიანმა. მისი მოსაზრებით, პარტია ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას აფერხებს. ახვლედიანი ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას არჩევნების მოგება არ შეუძლია და ამიტომ ის გაყალბებას შეეცდება.

"პარტია ქართულმა ოცნებამ, სამწუხაროდ, ამოწურა ყველა შესაძლებლობა, რომ გადაქცეულიყო დემოკრატიულ პოლიტიკურ ორგანიზმად, რათა ხელის შეეწყო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის, ამასობაში კი მოახერხა ის, რომ აფერხებს პოლიტიკურ განვითარებას და ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას. ვშიშობ, ყრილობა, რომელიც კარს მომდგარია, ამას უბრალოდ ხელს შეუწყობს. ფასადურობა, მოჩვენებითობა, რომელიც გამეფებულია ქართულ ოცნებაში, ყრილობაზე ალბათ, უბრალოდ, მიიღებს სხვა ხარისხს და ამის შემდეგ პარტია გადაერთვება, ყველა მანქანებით იმ გზაზე, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიგოს არჩევნები.

არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნამდვილად არ შეუძლია, ნორმალურ, თანაბარ, დემოკრატიულ, კონკურენტულ პირობებში. ამიტომაც, პარტია მიმართავს სხვა გზას, ჩვეულ გზებს და ამის საუკეთესო დემონსტრირებაა ის, თუ რა ადამიანებითაა დღეს დაკომპლექტებული პარტიის მმართველი ძალა.

ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ, რომ გაეყალბებინათ, მოეტანათ შესაფერისი სასურველი შედეგი ხელმძღვანელებისთვის, ეთქვათ ყველაფერზე "კი" და არასდროს - "არა". აი, ეს უბედურება ჭირს ქართულ ოცნებას და ვერ მოახერხა მან ამ სენისგან თავის დაღწევა, მაგრამ ახლა რა მოსატანია მისი დასნეულება, როდესაც ვხედავ რეალურად, რომ ოცნება უკვე ახერხებს და ასნეულებს ერთიან ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს.

ამიტომ, არ შემიძლია პარტიაში დარჩენა. გამოვდივარ პოლიტსაბჭოდან და განვაგრძობ ბრძოლას იმისათვის, რომ თანამოაზრეებთან ერთად ხელი შევუშალო და წინ აღვუდგე ამ პროცესს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხერხდეს და გაირღვეს მოჯადოებული პოლიტიკური წრე, რომელზეც ტრიალებს საქართველო წლების განმავლობაში. ვფიქრობ, ეს რეალური ამოცანაა და დარწმუნებული ვარ, რომ ასობით, ათასობით ადამიანი მოახერხებს ამ ამოცანაში თანამონაწილეობას და მის წარმატებით შესრულებას", - აცხადებს ახვლედიანი.

კომენტარები