რუსეთი-საქართველო

კვირიკაშვილი: სამწუხაროდ, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ჩიხშია შესული

გიორგი კვირიკაშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა. გაზეთ კვირის პალიტრასთან საუბარში მიხეილ ჯანელიძემ არ გამორიცხა, რომ "შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდეს. პრემიერის მოსაზრებით, ჯანელიძის განცხადება ადეკვატურია და გასაკვირი ამაში არაფერია.

"თუ ასეთი გადაწყვეტილებები მომზადდება, და ისინი, უპირველეს ყოვლისა, განამტკიცებს და დაფუძნებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპზე, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ასეთ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადება სწორედ ამას გამოხატავდა და ვფიქრობ, რომ არაფერი მოულოდნელი ამაში არ უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, რუსეთთან გვჭირდება ურთიერთობის ნორმალიზაცია. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ურთიერთობები არის ჩიხში შესული და ვფიქრობ, ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. მაგრამ ამ ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ არა კომპრომისების ხარჯზე ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, არამედ მაქსიმალური კონსტრუქტივიზმის ხარჯზე და სწორედ ამისკენ არის მიმართული ის არაერთი ფორმატი, რომელიც ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში გვაქვს. ამიტომ მიხეილ ჯანელიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ადეკვატური და გასაკვირი ამაში არაფერია", - თქვა პრემიერმა.

კომენტარები