Noble Partner 2016

პრემიერი: თამაზ მეჭიაურის განცხადება მთავრობის პოლიტიკურ კურსს აცილებულია

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამერიკულ წვრთნებზე დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადება მთავრობის პოლიტიკურ კურსს აბსოლუტურად აცილებულია. მეჭიაურმა კომენტარი Noble Partner 2016-თან დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, ამ სწავლებას შესაძლოა, საქართველო-რუსეთს შორის ვითარების დაძაბვა და 2008 წლის მსგავსი კონფლიქტი მოჰყვეს. 

"უნდა ვთქვა დიდი სინანულით, რომ ბატონი თამაზის განცხადება არის აბსოლუტურად აცილებული იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც ქართულ ოცნება და საქართველოს მთავრობას აქვს. ამიტომ ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს ქართული ოცნების და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს", - თქვა პრემიერმა.

კვირიკაშვილი შერიგების მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მეჭიაურის განცხადებაზე მეტად ქართული ოცნების დუმილია მნიშვნელოვანი. პრემიერის მოსაზრებით, თუ ზაქარეიშვილს სხვა მოსაზრებები აქვს, მან "ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება" უნდა მიიღოს.

"რაც შეეხება განცხადებას, რომელიც გააკეთა პაატა ზაქარეიშვილმა, რომ მას აკვირვებს ქართული ოცნების დუმილი, მე მაკვირვებს პაატა ზაქარეიშვილის განცხადება, იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად არაობიექტური განცხადება. როცა საქართველოს მთავრობის წევრი გამოხატავს უკმაყოფილებას საქართველოს მთავრობის რატომღაც, მისი აზრით, დუმილის გამო, ეს არის მისი გადაწყვეტილება, თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მთავრობის წევრის მხრიდან მმართველი ძალის არაობიექტური კრიტიკა არის გასაკვირი და მიუღებელი. ძალიან გული მტკივა მისი ამ განცხადების გამო. მას პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ, მისი განცხადება იყო ნაჩქარევი და ობიექტურობას დაშორებული", - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები