Noble Partner 2016

მეჭიაური: შესაძლოა, ქართულ-ამერიკულ წვრთნას 2008 წლის მსგავსი კონფლიქტი მოჰყვეს

თამაზ მეჭიაური
ტაბულა

ქართულ-ამერიკულ სწავლება Noble Partner 2016-ს შესაძლოა, საქართველო-რუსეთს შორის ვითარების დაძაბვა და 2008 წლის მსგავსი კონფლიქტი შეიძლება მოჰყვეს, ასე ფიქრობს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის - ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ მეჭიაური.

"ერთი მხრივ, ძალიან საფრთხის მატარებელია ეს წვრთნები და მეორე მხრივ, რუსეთის მუქარის შემცველი განცხადებები. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი და იქ ისედაც ჰყავს სამხედროები, არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო მეტი კონტინგენტი შემოიყვანოს და ეს წვრთნები გახდეს სერიოზული პროვოცირების მიზეზი, რომელმაც შეიძლება 2008 წლის მსგავს კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. შედეგებს კიდევ ჩვენი თვალით ვუყურებთ თუ რა ხდება უკრაინაში, სირიაში და ა.შ. თუ ჩვენ გვინდა, რომ მომდევნო ასეთი ქვეყანა გავხდეთ არ ვიცი და მე არ მინდა. მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის არსებობის აუცილებლობაზე იყოს საუბარი. მე მგონია ესენი ვიღაცას უმტკიცებენ ერთგულებას და სანაცვლოდ ქვეყანას ხვევენ ცეცხლის ალში, ან ამის პროვოცირებას აკეთებენ. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს გარანტიები, რომ ეს. ე.წ. წვრთნები არ იქნება საფრთხის შემცველი." - ინტერპრესნიუსთან საუბარში ამბობს თამაზ მეჭიაური.

ქართულ-ამერიკული სწავლება Noble Partner 2016 ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე 11 მაისს იწყება. სწავლების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ წვრთნები სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვითარების გამწვავებას ემსახურება. 

 

კომენტარები