ინფლაცია

აპრილში ინფლაცია 3.2%-მდე შემცირდა, მიზეზი ლარის გამყარებაა

ტაბულა

საქსტატის მონაცემებით, 2016 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა 3.2% შეადგინა. ლარის გაცვლითი კურსი წინა პერიოდებთან შედარებით გამყარებულია, შესაბამისად, ფასების ზრდაც გასულ თვეებთან შედარებით შენელდა. თებერვალში ინფლაცია 5.2% იყო, მარტში მან 4.1% შეადგინა, აპრილში კი 3.2%-მდე შემცირდა. 

აპრილში ფასების ყველაზე მაღალი 14%-იანი მატება ალკოჰოლსა და თამბაქოს ნაწარმზე დაფიქსირდა, ჯანდაცვის ღირებულება 7.5%-ით გაიზარდა, სახლის მოვლის ღირებულება კი - 5.7%-ით. წინა წლის აპრილთან შედარებით, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმზე მაღალი ინფლაცია აქციზური გადასახადის მატებამ განაპირობა. 

სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასების ცვლილება კი ასეთია:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 1.9%-იანი გაძვირება
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 14.7%-იანი გაძვირება
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1.1%-იანი გაიაფება
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 5.4%-იანი გაძვირება
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 5.7%-იანი გაძვირება
  • ჯანმრთელობის დაცვა - 7.5%-იანი გაძვირება
  • ტრანსპორტი - 6.1%-იანი გაიაფება
  • კავშირგაბმულობა - 3.2%-იანი გაძვირება
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 3.4%-იანი გაძვირება
  • განათლება - 2.1%-იანი გაძვირება
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 7%-იანი გაძვირება
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 4.6%-იანი გაძვირება

ტრანსპორტის სფეროში ფასების შემცირება ბენზინსა და დიზელზე ფასების მსოფლიო შემცირებას უკავშირდება, საცხოვრებელი სახლის მოვლა-შენახვის გაძვირება კი - სემეკის მიერ ელექტროგამანაწილებლებისთვის გაზრდილი დენის ტარიფის დადგენას.

მთლიანი ინფლაციის შემცირების გამო ეროვნულმა ბანკმა 27 აპრილს მონეტარული პოლიტიკის შერბილება გადაწყვიტა. ეროვნული ბანკის მიზანს ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს, ამიტომაც ინფლაციის მაჩვენებელზე დაყრდნობით ბანკი პერიოდულად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრების ან შერბილების გადაწყვეტილებას იღებს.

კომენტარები