საქართველო-რუსეთი

კვირიკაშვილი: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ

Wictor Dabkowski / Zuma Wire

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა. ერთ-ერთი პირველი თემა, რაზე კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იყო. პრემიერის თქმით, საქართველო ელოდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგს, რათა საქართველოში მაქსიმალურად დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს. კვირიკლმა საარჩევნოდ თანასწორი და კონკურენტული გარემოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"2012 წლამდე რეჟიმები იცვლებოდა, მაგრამ არა არჩევნების გზით. 2012 წელს ქართველმა ხალხმა მიაღწია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას, რაც გაუტოლდა რეჟიმის ცვლილებას. 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, თანასწორ გარემოში, ადგილობრივი და საპრეზიდენტო. წელს ამ ციკლს საპარლამენტო არჩევნებით დავასრულებთ. ჩვენ გვჭირდება კონკურენტული არჩევნები, რომლის დროსაც არ იყინება საბანკო ანგარიშები, არავინ აკონტროლებს, თუ რა სახის ინფორმაცია მიეწოდება მოქალაქეებს, როცა არ ხორციელდება სატელიტური თეფშების კონფისკაცია და ყველა კანდიდატს აქვს წარმატების შესაძლებლობა საარჩევნო ყუთებთან" - თქვა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა. მან ისიც აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან „პრაგმატული პოლიტიკის" წარმოებას ცდილობს და გარკვეული მიმართულებებით ამას შედეგი მოაქვს. კვირიკაშვილმა სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ რეფერენდუმზეც ისაუბრა.

"ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწყდება, არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი არაღიარებული სახელმწიფოები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ჩვენ შეშფოთებული ვართ ცხინვალის დე-ფაქტო რესპუბლიკის გეგმებით, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხებზე. რეფერენდუმის ჩატარება, არა მარტო ჩვენს ქვეყანას გამოუთხრის ძირს, არამედ საფრთხეს შეუქმნის ისედაც მყიფე მდგომარეობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ასეთი უკანონო მოვლენა, არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს გამოუთხრის ძირს, არამედ უმძიმესი სიტუაციის შემქმნელი იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ჩვენ ვცდილობთ, დავძლიოთ დაძაბულობა რუსეთ- საქართველოს ურთიერთობებში პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება თუ ჩვენ არ მივიღებთ რუსეთისგან პატივისცემას ტერიტორიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ" - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტსაც შეხვდა. საქართველოს პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში დღეს დასრულდა.

კომენტარები