ენერგეტიკა

გარდაბანში მზის 50-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობაა დაგეგმილი

Getty Images

ამერიკული კომპანია Headwall Power საქართველოში დაახლოებით 50-მეგავატიანი მზის ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს. კომპანიამ დღეს ენერგეტიკის სამინისტროსთან გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. კალიფორნიული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბრედფორდ მეიკლე ტაბულასთან საუბარში ამბობს, რომ ეს იქნება სრულად კერძო პროექტი, რომლის დაფინანსებაც ამერიკის სამთავრობო ფინანსური სააგენტოს, OPIC-ის $120- მილიონიანი კრედიტით მოხდება. იმისდა მიუხედავად, რომ საქართველოში ევროპის მასშტაბით ელექტროენერგია ერთ-ერთი ყველაზე იაფია, კომპანიაში მაინც ფიქრობენ, რომ ქართულ ბაზარზე მზის ენერგია კონკურენტუნარიანი იქნება. 

"უნდა ითქვას, რომ მზის ენერგიის ღირებულება საკმაოდ კონკურენტუნარიანი გახდა, ამასთან საკმაოდ გაიაფდა ის ღირებულება, რა ფასადაც ამ ელექტროსადგურის მოწყობაა შესაძლებელი. გარდაბანთან ერთად ჩვენ კიდევ უფრო სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს ვსწავლობთ. რაც შეეხება გამომუშავებული ენერგიის ღირებულებას, ეს ჯერჯერობით უცნობია და შესაძლო ფასს მხოლოდ ახლა ვსწავლობთ. მზის ენერგიასთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის პიკური ენერგია, რადგანაც ღამის მანძილზე სადგური უბრალოდ არ მუშაობს, მაგრამ როდესაც ელექტროსადგური მუშაობს, ჩვენ შეგვიძლია ქსელი მოვამარაგოთ იმ ენერგიით, რაზეც მოთხოვნა იარსებებს", - ამბობს ბრედფორდ მეიკლე. 

საქართველოში ერთი კილოვატი ელექტროენერგიის ტარიფი კომერციული მომხმარებელებისთვის დაახლოებით 17 თეთრია, რაც დღევანდელი კურსით $0.07 ცენტს შეადგენს (დღგ-ის გარეშე, დღგ-ით 20 თეთრამდე), მოსახლეობის დენის ტარიფი (დღგ-ის გარეშე) კი კილოვატზე დაახლოებით 14 თეთრს, ანუ $0.06 ცენტს შეადგენს. უცნობია, თუ როგორ უნდა შეძლოს ასეთი დაბალი ტარიფებისთვის კონკურენციის გაწევა, როდესაც საშუალოდ ერთი კილოვატის გამომუშავება დაახლოებით $0.15 ცენტი ჯდება. ერთი ვატის გამომუშევისთვის კი კომპანიამ მზის პანელზე საშუალოდ $0.7 უნდა დახარჯოს. კილოვატის საინვესტიციო ღირებულება კი $700 დოლარია. 

მზის ენერგიის ფასი

მზის ენერგიის ღირებულება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, კლიმატი, სადგურის მოცულობა, მისი წილი მთლიან ენერგოსისტემაში და სხვა. კილოვატი მზის ენერგიის საშუალო ფასი 2015 წელს დაახლოებით $3-ს შეადგენდა. მზის ენერგიის გამომუშავების მთავარი ხარჯი მზის პანელებზე მოდის, მას შემდეგ, რაც პანელები თავიანთ ადგილზეა დამონტაჟებული, მათ სხვა თითქმის არანაირი დანახარჯი არ ესაჭიროებათ და ენერგიას პრაქტიკულად უფასოდ გამოიმუშავებენ, ტარიფის მთავარი ღირებულება კი სწორედ მათი დამონტაჟების დროს გაწეული ინვესტიციის ამოღებაა. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) კვლევის მიხედვით, მზის ენერგიის ფასი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთლიან ენერგოსისტემაში მის წილზე. რაც უფრო მაღალია ამ ენერგიის წილი ქვეყნის სისტემაში, მით უფრო იაფი ჯდება თითოეული კილოვატის მიწოდება. 

საქართველოს პოტენციალი

საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში მზიანი დღეების რაოდენობა 250-280 დღეს შეადგენს, რაც წლის მანძილზე დაახლოებით 6.000-6.780 აქტიურ მზიან საათს შეადგენს. სააგენტოს გათვლებით, საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალი დაახლოებით 110 მეგავატია. 

ქარის ენერგია

საქართველოში, გორის მახლობლად, 20-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაც მიმდინარეობს და ის ქსელს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე მიუერთდება. მზის ელექტროსადგურისგან განსხვავებით, ქარის პროექტი კერძო არაა და მას საქართველოს მთავრობა EBRD-ის კრედიტით აფინანსებს.

კომენტარები