ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ: მუქარის ჩანაწერის გასაჯაროებისთვის ყოფილ პოლიციელებს ბრალს წარუდგენენ

ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, პატრულის ყოფილ თანამშრომლებს დღეს, 14:00-ზე, თბილისის პროკურატურა ბრალს წარუდგენს. წიკლაურმა ბრიფინგი პატრულის ყოფილ თანამშრომელ ნიკა ალიხანაშვილთან ერთად გამართა. ალიხანაშვილის თქმით, 2015 წლის იანვარში მთაწმინდა-ოქროყანის გზის გასაყარზე მან და მისმა მეწყვილემ არჩილ დავითულიანმა გააჩერეს მანქანა, რომელში მსხდომმა პირებმაც პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ალიხანაშვილის ინფორმაციით, მანქანაში იმყოფებოდნენ ადვოკატი იმედა წიკლაური, მისი ძმა გიორგი წიკლაური და ადვოკატი ავალიანი. პატრულის ყოფილი თანამშრომლის თქმით, მათ ერთი თვის შემდეგ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება იძულებით დააწერინეს, დღეს კი პროკურატურა ბრალს წარუდგენს.

"ჩვენ მიერ წარმოდგენილ ფირებზე ჩანს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები შეურაცხყოფას აყენებენ პატრულის თანამშრომლებს, ემუქრებიან მათ შემდგომი ანგარიშსწორებით. ამის შემდეგ სამმართველოს ხელმძღვანელობამ - მიქიაშვილმა და ჯოხაძემ - დაიბარა ორივე პოლიციელი და უთხრა, დაეწერათ პატაკი, გადამდგარიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებოდათ ძალიან სერიოზული პრობლემები", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა და აღნიშნა, რომ პატრულის თანამშრომლებმა მუქარის გამო დაწერეს განცხადება, თუმცა ჩაიწერეს საუბარი და გაასაჯაროვეს. მისი თქმით, სწორედ ამის გამო იბარებენ პატრულის ყოფილ თანამშრომლებს პროკურატურაში.

"პროკურატურამ სამმართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად გადაწყვიტა მათი დასჯა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნაა, შეწყდეს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შეურაცხყოფა, დაკნინება და პატრულის თანამშრომლების დემორალიზაცია", - თქვა უმცირესობის დეპუტატმა.

პატრულის ყოფილი თანამშრომლები თბილისის პროკურატურაში დღეს, 14:00-ზე არიან დაბარებულები. 

კომენტარები