ფულადი გზავნილები

მარტში რუსეთის წილი ფულდ გზავნილებში 33%-მდე შემცირდა

Reuters

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $90.7 მილიონი, ანუ 216 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 1.3%-ით ნაკლებია. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია. იმის გამო, რომ ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, სწორედ რუსეთს უჭირავს ამ სტატისტიკაში წამყვანი ადგილი, თუმცა ბოლო ორი წელია რუსეთიდან შემოსული გზავნილების მოცულობა მცირდება. 2014 წელს კი რუსეთზე ფულადი გზავნილების ნახევარზე მეტი მოდიოდა.

რუსეთიდან და უკრაინიდან შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის შემცირება ამ ქვეყნებში არსებულ რთულ ეკონომიკურ პირობებს უკავშირდება. ამ ქვეყნებში წასული მოსახლეობა ხელფასებს რუბლსა და გრივნაში იღებს, ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციის გამო კი მათ მიერ საქართველოში გამოგზავნილი თანხის რაოდენობა დოლარში შემცირებულია.

ფულადი გზავნილების მიხედვით მარტში უმსხვილესი დონორი ქვეყნების სია კი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - $30 მილიონი
  2. აშშ - $10 მილიონი
  3. საბერძნეთი - $9.9 მილიონი
  4. იტალია - $9.8 მილიონი
  5. თურქეთი - $7.4 მილიონი

ფულადი გზავნილები საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. მისი შემცირება კი ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

მარტში საქართველოდან უცხოეთში $16.6 მილიონი გაიგზავნა.

კომენტარები