თბილისის მერია

მერია თანამშრომლებს: ნუ გამოიყენებთ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებს

amerikiskhma.com

თბილისის მერია თანამშრომლებს მოუწოდებს, "ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს". მერია ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომლის გიორგი გვენეტაძის დაკავებას გამოეხმაურა.

"გვინდა, განვაცხადოთ, რომ თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს და ხელს უწყობს გამოძიებას.

მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ გამოიყენებენ ბოროტად დაკავებულ თანამდებობებსა და უწყების სახელს. ასევე, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ როგორც დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაბამისი, მკაცრი ზომები გატარდება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს", - აღნიშნავს მერია.

კომენტარები