Check-in Georgia

ენმ Check-in Georgia-ზე: სახელმწიფო სახსრები იხარჯება კორუფციული სქემებით

გიორგი კანდელაკი
თეორემა/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი კანდელაკის განცხადებით, კულტურის სამინისტროში კორუფციული სქემები მოქმედებს. მისი თქმით,  მიხეილ გიორგაძის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, Eastern Promotion-ს  სახელმწიფო დაფინანსება გაეზარდა. ენმ მიიჩნევს, რომ Check-in Georgia-ს პროგრამის ადმინისტრირებისთვის კომპანიები შეირჩევა გაუმჭვირვალე და კორუფციული გზით.

"გვსურს, საზოგადოების ყურამდე მივიტანოთ საქართველოს მთავრობის უმაღლეს ეშელონებში, კერძოდ, კულტურის სამინისტროში მიმდინარე კორუფციული ფაქტების შესახებ. სამწუხაროდ, კულტურის მინისტრმა  მიხეილ გიორგაძემ თავი საზოგადოებას  არა მხოლოდ მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს, საყდრისის კორუფციული გარიგების გზით აფეთქებით დაამახსოვრა. კულტურის მინისტრად დანიშვნასთან ერთად ბატონ გიორგაძეს, რომელიც ფირმა „ისთერნ ფრომოუშენის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, გაუჩნდა ინტერესთა კონფლიქტი. ეს ფირმა ადრეც ერთ-ერთი წამყვანი იყო, მაგრამ მის გამინისტრებასთან ერთად ფაქტია, რომ ამ ფირმას და მასთან აფილირებულ ადამიანებს სახელმწიფო დაფინანსება რეალურად გაეზარდათ“,- აღნიშნა კანდელაკმა.

როგორც დეპუტატი ამბობს, CheckinGeorgia-ს ფარგლებში დაგეგმილი 4 კონცერტისთვის 29 მილიონი ლარის გამოყოფა არ იყო საჭირო, რადგან ამ მომღერლების ჩამოყვანა 10 მილიონ ლარს არ სცდება.

"მოგეხსენებათ, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან წინასაარჩევნოდ კონცერტების სერიის გასამართად, მათ შორის ოთხი ცნობილი არტისტის ჩამოსაყვანად გამოიყო 29 მილიონი ლარი. დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ იმ ოთხი არტისტის საბაზრო ღირებულება რომელთა საქართველოში ჩამოყვანა კამპანია Checkin.GE-ს ფარგლებშია დაგეგმილი რეალურად 10 მილიონ ლარს არ სცდება (რობინ უილიამსი, ეროს რამაზოტი, ხოსე კარერასი და Maroon 5). კულტურის სამინისტროს მიერ შარშან გაწეული მსგავსი ხარჯების გამოცდილება გვაფიქრებინებს, რომ წელსაც ამ პროგრამის ადმინისტრირებისთვის კომპანიების შერჩევა მოხდება გაუმჭვირვალე, ხშირად კი კორუფციული გზით“,-ამბობს კანდელაკი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, პროექტ CheckinGeorgia-ს ხელმძღვანელი არის კულტურის სამინისტროს სიპ-ების ხელმძღვანელი დავით მენაბდე, რომელიც ამავე დროს Eastern Promotion -ის დამფუძნებელიცაა. კანდელაკის თქმით, მენაბდის სიძე ირაკლი შენგელია კომპანია Wizard Event-ის დამფუძნებელია, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზს მართავს. ხოლო  შენგელიას მეჯვარე ვაჟა ხაჩიძე Wizard Georgia-ს მენეჯერი და კომპანია Ticket Georgia-ს დამფუძნებელია, რომელიც დეპუტატის თქმით, „ყველა ამ კონცერტზე ბილეთებს გაყიდის და მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს მიიღებს“.

"საზოგადოებას ახსოვს, რომ წინა წლებში მსგავსი ღონისძიებებისთვის გაწეულ ხარჯს ქართული ოცნების მთავრობა არამიზნობრივად აცხადებდა. თუმცა 2012 წელს ტურიზმი გაიზარდა 40%-ით, მაშინ როცა ქართული ოცნების მმართველობის პირველ წლებში ტურიზმის ზრდაში რეალური სტაგნაცია გვაქვს. პრობლემაა არა კულტურული ღონისძიებების გამართვა, არამედ მათზე სახელმწიფო სახსრების ხარჯვა გაუმჭვირვალე კორუფციული სქემებით ,რომელთა გამოყენებითაც ხეირობენ ამ ღონისძიებებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხეელები“- თქვა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისთვის, პროექტი 2016 წლის აპრილიდან იწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება. ეროს რამაზოტის (24 აპრილი, თბილისი), რობი უილიამსის (27 მაისი, თბილისი), ხოსე კარერასის (18 ივნისი, ქუთაისი), Maroon 5-ის (7 ივნისი, ბათუმი) კონცერტების გარდა, Check-in Georgia მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს და 35 ფესტივალს. კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი 20 ლარიდან დაიწყება. მათი მაქსიმალური ღირებულება 90 ლარი იქნება. პროექტი Check-in Georgia საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ტარდება. 29 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდმა უნდა გამოყოს. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან. 

კომენტარები