უზენაესი სასამართლო

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ნონა თოდუას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატ თამარ ლალიაშვილს მხარი დაუჭირა, ნონა თოდუას კი - არა. ფარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ლალიაშვილს 6 მომხრე ჰყავდა, ხოლო თოდუას - 5. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, დღევანდელი შედეგები კანდიდატებს ხელს არ უშლის საპარლამენტო სესიაზე დეპუტატების მხარდაჭერის მოპოვებაში.

აღსანიშნავია, რომ როგორც კომიტეტის სხდომაზე, ისე ჟურნალისტებთან საუბრისას, ნონა თოდუამ ჰომოსექსუალობას კვლავ ნაკლი უწოდა - მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ, თოდუას მიმართ კრიტიკის ერთერთი მთავარი მიზეზი სწორედ წარსულში მისსავე ნაშრომში ასახული ჰომოფობიური დამოკიდებულება გახდა. თოდუას პოზიციას არ იზიარებს თამარ ლალიაშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს ადამიანის არჩევანია და აღნიშნავს, რომ სხვა საქმეა - „მას რა მოსწონს და რა არა".

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნონა თოდუა და თამარ ლალიაშვილი 28 მარტს წარადგინა. გუშინ იურიდიულმა კომიტეტმა არცერთ მათგანს მხარი არ დაუჭირა.კომიტეტებზე განხილვის შემდეგ კანდიდატურებს პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.

 

კომენტარები