ექსტაზი შესაძლოა, მომავალში სამკურნალოდ გამოიყენონ. ამის შესახებ სტატიას Business Insider წერს.
უკვე რამდენიმე წელია, ამერიკული ორგანიზაცია, ფსიქოდელიური კვლევების მრავალპროფილური ასოციაცია (MAPS) ექსტაზით თერაპიასთან დაკავშირებით კვლევებს ატარებს. MAPS-ი "არატრადიციული ნივთიერებით" ცდილობს იმ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მქონე ადამიანების განკურნებას, რომლებსაც სტანდარტულმა თერაპიებმა ვერ უშველეს. ეს "არატრადიციული ნივთიერება" ექსტაზის სუფთა (შეურეველი) ფორმა ანუ MDMA-ია.
MAPS-ის ერთ-ერთმა პირველმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მონაწილეთა 83%-ს, მკურნალობის დაწყებიდან 2 თვეში, აშლილობის ნიშნები აღარ აღენიშნებოდათ. მათ კი, ვინც კვლევებში მონაწილეობა გააგრძელა, 4 წლის შემდეგაც კი არანაირი აშლილობის ნიშანი აღარ ჰქონდათ. ამ შედეგებმა კვლევების მეორე ფაზას დაუდო სამუძველი.
2016 წლის მარტში MAPS-მა ცდების მეორე ფაზაც დაასრულა და, ორგანიზაციის განცხადებით, MDMA-ს გამოყენებით ჩატარებულმა ფსიქოთერაპიებმა 136 ადამიანი განკურნა.
MAPS-ი 2017 წელს კვლევების მესამე, საბოლოო ფაზის დაწყებას აპირებს, რომელიც 2021 წელს დასრულდება. ამის შემდეგ ორგანიზაცია ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან ოფიციალურ "აღიარებას" დაელოდება.
MAPS-ის კვლევებს ამ ეტაპზე რამდენიმე ათასი დონორი ჰყავს და ორგანიზაცია უფრო მეტის მოზიდვას ცდილობს.
MDMA-ს ეფექტურობის დამტკიცების შემთხვევაში, MAPS-ი MDMA-ს გამოყენებით, ზრდასრული აუტისტი ადამიანებისა და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების (მაგ. კიბო) მქონე ადამიანებისთვის დამახასიათებელ სოციალურ გაუცხოებასა და შიშებთან ბრძოლასაც აპირებს.