საქართველოს ეკონომიკა

2016 წლის პირველ ორ თვეში საქართველოს ეკონომიკა 1.7%-ით გაიზარდა

flickr.com

2016 წელი საქართველოს ეკონომიკამ შენელებით დაიწყო. საქსტატის მონაცემებით, იანვრის ეკონომიკური ზრდა 0.8% იყო, თებერვალში 2.6%-ით გაიზარდა, ამ ორი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა კი 1.7% იყო. 1.7%-იანი ეკონომიკური ზრდა კი მთავრობის მიერ დაგეგმილ 3%-იან ზრდის ტემპთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.

ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა იქონია 13%-ით შემცირებულმა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელმა, რის გამოც წელს საქართველო გაცილებით უფრო ნაკლებად არის ჩართული საქონლის საერთაშორისო ბრუნვაში, რაც ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.

სახელმწიფო ბიუჯეტი გათვლილია 3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. თუკი ეკონომიკური ზრდა დაგეგმილზე ნაკლები იქნება, მაშინ შეიქმნება საფრთხე, რომ მთავრობამ დაგეგმილი მოცულობის გადასახადები ვერ შეაგროვოს, რის გამოც მას ხარჯების გაწევა ბიუჯეტის დეფიციტის ხარჯზე მოუწევს. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ოპტიმისტურად არის განწყობილი, ის ამბობს, რომ მთავრობას აქვს მონახაზი, თუ როგორ უნდა გადააჭარბოს წელს 3%-იან ეკონომიკურ ზრდას.

2016 წლის პირველ ორ თვეში მთავრობის ხარჯები მის შემოსავლებს აღემატებოდა. იანვარში ბიუჯეტის ხარჯები 598 მილიონი, მისი შემოსავლები კი 578 მილიონი იყო. ასეთივე ტენდენცია გაგრძელდა თებერვალშიც, როდესაც ხარჯებმა 635 მილიონი შეადგინა, შემოსავლები კი 571 მილიონი იყო. მთავრობამ ამ გაზრდილი ხარჯვის დასაფინანსებლად ბიუჯეტის ნაშთში არსებული თანხები გამოიყენა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო ზრდამ 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით აღემატებოდა. 

საქსტატის მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ მონაცემებს შესაძლოა არ ემთხვეოდეს.

კომენტარები