შინაური ცხოველები

საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ

wordpress.com

საქართველოს პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ, რომელიც მიზნად ადამიანის კომპანიონ ცხოველებთან (კატა, ძაღლი) დაკავშირებით საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ისახავს. ინიციატივის ავტორის, გია ცაგარეიშვილის შეფასებით, მსგავსი საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო საფრთხე ექმნება ადამიანისა და ცხოველების თანაარსებობისათვის აუცილებელ უსაფრთხო და საიმედო გარემოს.

ინიციატივის მიხედვით, ყველა კომპანიონ ცხოველს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, იარსებოს ბიოლოგიური წონასწორობის პირობებში. მათი უსაფრთხოების დაცვა კი გარანტირებული უნდა იყოს სახელმწიფო ორგანიზაციების დონეზე. შინაური ცხოველების მეპატრონეებს ინიციატივა კომპანიონებზე ზრუნვისკენ მოუწოდებს, სახელმწიფოსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს კი უპატრონო კომპანიონებზე შესაბამისი ზრუნვის გაწევას ავალდებულებს. კანონის მიღების შემთხვევაში შეიქმნება ერთიანი რეესტრი, რომელშიც ქვეყანაში არსებული ყველა კომპანიონი ცხოველი და მათი პატრონი იქნებიან რეგისტრირებული.

კანონპროექტით, აკრძალულად ცხადდება ცხოველის 18 წლამდე პირზე გაჩუქება, კომპანიონი ცხოველის პრიზად გადაცემა. ასევე აკრძალულად ცხადდება ცხოველისთვის არასამედიცინო მიზნებით კუდის, ყურების მოჭრა, ასევე ხმის იოგების გადაჭრა. დაუშვებლად ცხადდება ცხოველის მიტოვება, დაჭრა, ანესთეზიის გარეშე ოპერაციის ჩატარება, ასევე მასთან ზოოფილური ქმედების ჩადენა.

განმარტებულია, თუ რას ნიშნავს ცხოველის გასეირნება: "კომპანიონი ცხოველისათვის აუცილებელი ფიზიკური დატვირთვის მიზნით, კომპანიონი ცხოველის ყოფნა არასაცხოვრებელ ან სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში მეპატრონის ან თანმხლები პირის მეთვალყურეობით". მასზე ზრუნვა: "პირის საქმიანობა მიმართული კომპანიონი ცხოველის კეთილდღეობის და დაცულობის უზრუნველყოფისაკენ" და ცხოველის მოვლის სხვა ასპექტები.

საკანონმდებლო ინციატივაში ევთანაზიაზე ცალკე თავია დათმობილი, რომლის მიხედვითაც ცხოველთა მოკვდინება დასაშვებია მხოლოდ ჰუმანური მეთოდებით, მათთვის ფიზიკური ტკივილისა და ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენების გარეშე. აკრძალულად ცხადდება ევთანაზიის დროს ცხოველთა გაგუდვა, ელექტროშოკის გამოყენება, დახრჩობა და შიმშილობა.

ადგილობრივ თვითმმართველობებს კანონის მიღების შემთხვევაში დაევალებათ, მოაწყონ ცხოველთა გასასეირნებელი ადგილები, სასაფლაოები და კრემატორიუმები, იზრუნონ მათ გამოყენებაზე.

კომენტარები