ბელგიის პოლიციამ ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა.
BBC-ის ცნობით, სავარაუდოდ, ტერაქტი ორმა ძმამ - ხალიდ და ბრაჰიმ ელ-ბაკრაუიმ განახორციელეს.
ბელგიური მედიის ცნობით, ძმები ბელგიის პოლიციისთვის ცნობილი იყვნენ. სავარაუდოდ, მათგან მინიმუმ ერთი მაინც, ფიქსირდება CCTV-ის მიერ გავრცელებულ ფოტოზე.
ძმებს ბელგიის პოლიცია 15 მარტის სპეცოპერაციის შემდეგ ეძებდა.
La Derniere Heure-ის ინფორმაციით, ცნობილია მესამე ეჭვმიტანილის ვინაობაც, მისი სახელია ნაზიმ ლააშრაუი, რომელიც პარიზის ტერაქტებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების შექმნაში იყო ეჭვმიტანილი.
ბელგიის პოლიციამ დღეს დილით გაავრცელა სამი ეჭვმიტანილის ვიდეომასალა, რომელიც სათვალთვალო კამერამ ბრიუსელის აეროპორტში ტერაქტებამდე ცოტა ხნით ადრე დააფიქსირა. გავრცელებული ცნობით, მათგან ორი მკვდარია, მესამეს კი ეძებენ.
ISIS-მა ტერაქტი თავის თავზე უკვე აიღო და გაფრთხილებაც გაავრცელა, რომ ტერაქტები გაგრძელდება.
ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარ აფეთქებებს, უკანასკნელი ცნობებით, ჯამში 34 ადამიანი ემსხვერპლა, 250 კი დაშავდა.