ტერაქტები ბრიუსელში

ქართული დელეგაციის ნაწილი: ევროპარლამენტში შეხვედრები გადაიდო

Twitter / Jennifer Rankin

ქართული დელეგაციის ცნობით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების გამო, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა და პარტიების შეხვედრები გადაიდო. ქართული დელეგაცია ამ დროისთვის ევროპარლამენტის შენობაში იმყოფება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, სავარაუდოდ, დღეს და ხვალ არცერთი შეხვედრა აღარ შედგება.

"შეხვედრა გადაიდო. პოლიტიკურ ჯგუფებში იყო დაგეგმილი შეხვედრები და მათ შორის სესია იყო დაგეგმილი, ოღონდ საპარლამენტო ასამბლეის, მაგრამ გაუქმდა ყველა შეხვედრა, რადგან ეს უკავშირდება გაზრდილ უსაფრთხოების ზომებს, რომელიც მიღებულია ქალაქში. მეტროსადგური მდებარეობს ახლოს ევროპარლამენტთან. ამიტომ ამ დროისთვის ყველა ქართული დელეგაცია, თითქმის ყველა დაბრუნდა სასტუმროში. ჩვენ ახლოს ვართ ევროპარლამენტთან. როგორც გვითხრეს, დღეს და ხვალ არცერთი შეხვედრა აღარ შედგება. ჩვენ ხვალ უნდა დავბრუნებულიყავით ბრიუსელის აეროპორტის გავლით, მაგრამ ჯერ უცნობია, როგორ და რა გზით შემოგვთავაზებენ ალტერნატივას“, - აღნიშნა რუსთავი 2-თან საუბრისას ეკა ბესელიამ.

თავისუფალი დემოკრატების წევრის ვიქტორ დოლიძის ცნობით, ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა შეწყვიტეს მუშაობა და შენობაში შესვლა-გამოსვლა აკრძალულია.

„ბრიუსელის დროთ 3 საათზე უნდა დაგვეწყო საპარლამენტო ასამბლეის სხდომა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, შევძლებთ თუ არა შეხვედრას. შენობიდან ჯერჯერობით არავის არ უშვებენ, ისევე, როგორც შენობაში შიგნით არ უშვებენ არავის. ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის არის მეტრო მაალბეკი, სადაც ერთი აფეთქება მოხდა და ასევე არის მეტრო შუმანიც, რომელიც ახლოს არის ამ ტერიტორიასთან. ეს არის ბრიუსელის ცენტრი, სადაც არის ევროგაერთიანებების შენობები. ამჟამინდელი მონაცემებით, დაღუპულია 25 ადამიანი“, - ამბობს დოლიძე რუსთავი ორთან საუბრისას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით კი, ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახური იკრიბება, რათა განსაზღვრონ, რა გრაფიკით იმუშავებენ ევროპული ინსტიტუტები.

"ამ დროისათვის იკრიბება ევროპარლამენტის უსაფრთხოების სამსახური იმისთვის, რომ განსაზღვრონ, დღის განმავლობაში რა გრაფიკით იმუშავებენ ევროპული ინსტიტუტები. ჩვენც ველოდებით ინფორმაციას. ამ დროისთვის არ არის დადასტურებული, რომ გადაიდება რაიმე ღონისძიება ევროპარლამენტში. ჯერჯერობით, ყველაფერი თავისი დღის წესრიგით მიმდინარეობს, თუმცა ევროპარლამენტის თანამშრომლებს, ევროპარლამენტარებს ჰქონდათ პრობლემა ევროპარლამენტში მოსვლის, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფაქტობრივად პარალიზებულია გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების გამო. ასევე ქალაქში, დილას სანამ ჩვენ ევროპარლამენტში მოვიდოდით, აშკარა იყო, რომ დიდი სასტუმრების შესასვლელები იყო დროებით დაკეტილი“, - აღნიშნა თაქათაქიშვილმა რუსთავი 2-თან საუბრისას.

ოფიციალური განცხადებებით, ბელგიაში ტერაქტებმა სულ მცირე 26 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 136.

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, აეროპორტის ტერაქტებისას დაიღუპა 11 ადამიანი, დაშავდა 81. როგორც პროკურორმა თქვა, ეს აფეთქებები თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს.

ბელგიის მეტროკომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით კი, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა მეტრო მაალბეკში აფეთქების შედეგად, დაშავდა 55, მათ შორის 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, ბელგიური მედიის ინფორმაციით, აეროპორტში კალაშნიკოვის ნაწილი იპოვეს.

 

კომენტარები