ტერაქტები ბრიუსელში

ბრიუსელის აეროპორტში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

Reuters

ბელგიური მედიის ინფორმაციით, ზავენტემის აეროპორტში ორ აფეთქებას მინიმუმ 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 35.

აფეთქება მოხდა მაალბეკის მეტროსადგურშიც, ევროკომისიასთან ახლოს. არიან დაშავებულები. დაღუპულებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. დახურულია დედაქალაქის მთელი მეტროსისტემა. ასევე გაჩერებულია ყველა სატრასნპორტო საშუალება.

აეროპორტში გაუქმდა ყველა რეისი. აფეთქებები გამგზავრების დერეფანში, ამერიკისა და ბრიუსელის ავიახაზების რეგისტრაციის პუნქტებთან მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შენობაში კიდევ სამი აუმოქმედებელი მოწყობილობა იპოვეს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, აეროპორტში აფეთქებამდე არაბულ ენაზე დაიყვირეს.

ბელგიაში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი, მეოთხე დონეა გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ 4 დღის წინ ბრიუსელში პარიზის ნოემბრის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი დააკავეს, რომელმაც თქვა, რომ ტერაქტების მოწყობას ბრიუსელის აეროპორტიდან გეგმავდა.

უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ლონდონის გეთვიქის აეროპორტში.

ბრიუსელის აეროპორტი მუშაობას ხვალ, ადგილობრივი დროით, 06:00 საათზე განაახლებს.

კომენტარები