საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე $10 მილიონი შეისყიდა. აუქციონის შედეგებით ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.29 ლარი გახდა, რაც წინა ოფიციალურ კურსთან შედარებით 2 თეთრით ნაკლებია.
მარტის მანძილზე ეს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მეორე შემთხვევაა. 17 მარტს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $5 მილიონი შეისყიდა.
ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუკი კურსი მაღალი სიჩქარით იზრდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი ბანკი რეზერვებს ყიდულობს. ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვა ადასტურებს მოსაზრებას, რომ ბოლოდროინდელი გამყარების გარკვეული ნაწილი სწორედ აჟიოტაჟური ვაჭრობის შედეგია და ის რეალურად არსებულ ვითარებას გადაჭარბებით ასახავს.
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონი Bloomberg-ის სისტემით ტარდება, რომელშიც ეროვნული ბანკი კერძო ბანკები არიან ჩართულნი. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის სავალუტო აუქციონის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. ეროვნული ბანკი სისტემაში დადებული გარიგებების მონიტორინგს ყოველდღიურად ახდენს, რაც ბაზარზე სპეკულაციების ალბათობას პრაქტიკულად მინიმუმამდე ამცირებს.





