ბარაკ ობამა კუბაზე

ბარაკ ობამა კუბაზე: ჩვენ მზად ვართ ახალი კავშირების დასამყარებლად

AFP

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კუბაზე პირველად ჩავიდა. ის თეთრი სახლის პირველი ლიდერია, რომელიც 1928 წლის შემდეგ ჰავანას ეწვია.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ის ქვეყნის პრეზიდენტს, რაულ კასტროს, შეხვდება და ქვეყანაში მიმდინარე სავაჭრო და პოლიტიკურ რეფორმებს განიხილავს.

ობამამ ეს ვიზიტი ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

"90 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კუბაზე უკანასკნელად დადგა ფეხი. 1928 წელს პრეზიდენტი კულიჯი აქ სამხედრო გემით ჩამოვიდა და ამ მოგზაურობისთვის სამი დღე დასჭირდა, მე კი სამ საათში ჩამოვფრინდი. ეს ისტორიული ვიზიტი და ისტორიული შესაძლებლობაა უშუალოდ კუბელებთან თანამშრომლობისთვის, ახალი შეთანხმებებისა და კომერციული გარიგებებისთვის, ასევე ჩვენს შორის ახალი კავშირების დამყარებისთვის", - აღნიშნა მან.

BBC-ის ცნობით, ობამას ვიზიტის დაწყებამდე კუბაში 200-ზე მეტი ოპოზიციონერი დააკავეს, რომლებმაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკასა და კუბას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1961 წელს, ცივი ომის პერიოდში შეწყდა.

კომენტარები