ტერაქტი თურქეთში

პრემიერი: იმედი მაქვს, თურქი ხალხი გაუმკლავდება ამ განსაცდელს

facebook.com/KvirikashviliOfficial

თურქეთში მომხდარ ტერაქტს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება და თურქ ხალხს უსამძიმრებს.

"სრულიად აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც უკანანსკნელ ხანს თურქეთს დაატყდა თავს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ თურქი ხალხი გამონახავს ძალას და გაუკმლავდება ამ განსაცდელს. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის მთავრობა ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად საერთო ძალისხმევით შეაჩერებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ ამ უსასტიკეს დანაშაულს", - ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 36. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

თურქეთში ტერორისტული აქტები გახშირებულია: გასულ კვირას ანკარაშიც მოხდა ტერაქტი, რომელმაც 37 ადამიანი იმსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ TAK-მა აიღო; ტერაქტი მოხდა თებერვალშიც, რომელმაც 28 ადამიანი იმსხვერპლა; იანვარში 12 გერმანელი ტურისტი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად სტამბოლში; 2015 წლის ოქტომბერში ანკარაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა ორი თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებამ.

კომენტარები