ტერაქტი თურქეთში

სტამბოლში ტერაქტის შედეგად დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის 12 მოქალაქეა

Reuters

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა, მათ შორის უცხო ქვეყნის 12 მოქალაქეა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე ოთხია. თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთი პირი. 

ქალაქის ევროპულ ნაწილში, ისტიკლალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი დღეს აიფეთქა. 

ისტიკლალი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ქუჩაა, რომელიც უქმე დღეებში განსაკუთრებით სავსეა ხალხით.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

თურქეთში ტერორისტული აქტები გახშირებულია: გასულ კვირას ანკარაშიც მოხდა ტერაქტი, რომელმაც 37 ადამიანი იმსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ TAK-მა აიღო; ტერაქტი მოხდა თებერვალშიც, რომელმაც 28 ადამიანი იმსხვერპლა; იანვარში 12 გერმანელი ტურისტი დაიღუპა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად სტამბოლში; 2015 წლის ოქტომბერში ანკარაში 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა ორი თვითმკვლელის მიერ თავის აფეთქებამ.

კომენტარები