თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აუდიტორია # 115 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭოს ქმნის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აუდიტორია # 115 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეფორმირების საბჭოს ქმნის. სტუდენტებმა მანიფესტი შეიმუშავეს, რომლის საფუძველზეც დატოვეს უნივერსიტეტის შენობა და ღამისთევა შეწყვიტეს.  მანიფესტი თსუ-ს ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ გააცნო.

მანიფეტის თანახმად, აუდიტორია #115 მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში.

"ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში შემუშავდება დეტალური ხელშეკრულება, კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის, ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და აუდიტორია 115-ის წარდგენილი პირი" - ნათქვამია მანიფესტში და აღნიშნულია, რომ თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება დოკუმენტის გაფორმება, საერთო სტუდენტურ გაფიცვას გაუწევენ ორგანიზებას.

"სტუდენტები და ლექტორები, ასევე პროტესტის სხვა წევრები, რომლებიც ექვსი დღის განმავლობაში სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდნენ, ვაარსებთ მოძრაობას აუდოტორია #115, რომელიც განათლების სისტემის რეფორმის ფუნდამენტური ნაწილი გახდება. აუდიტორია #115 შექმნის თსუ-ს რეფორმირების საბჭოს, რომელშიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი სტუდენტები და ლექტორები. სტუდენტების მოთხოვნა ავტონომიურობის შესახებ გულისხმობს მართვის სისტემის დემოკრატიზაციას - თითოეული სტუდენტის და პროფესორის მაქსიმალური მონაწილეობით.

ძირეული ცვლილებების გატარება შეუძლებელია კლანების მიერ მართულ უნივერსიტეტში. ამიტომ, ამ დროისთვის ჩვენი მთავარი რადიკალური მოთხოვნაა არა ცალკეული თანამდებობის პირების გადაყენება, არამედ მთლიანად აკადემიური საბჭოს დაშლა, მისი სტრუქტურისა და არჩევის წესის რეორგანიზება როგორც ფუნდამენტური და პროგრესული ცვლილებების უპირველესი წინაპირობა.

ჩვენი დანარჩენი მოთხოვნები ძალაში რჩება - მოხდეს თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაცია განათლების შესახებ კანონში ცვლილებების გზით. საკანონმდებლო ცვლილებები აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორის, სენატის და სხვა ინსტიტუტების არჩევის წესს.

ასევე, ვითხოვთ საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ ოდეერებისგან" - ნათქვამია მანიფესტში.

სტუდენტები 115-ე აუდიტორიაში მუშაობას დროებით წყვეტენ სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით და მოუწოდებენ კონტრდემონსტრაციის მონაწილეებს, პატივი სცენ საგანმანათებლო პროცესს.

"19 მარტს, 18:00-ზე, ვბრუნდებით მსჯელობის გასაგრძელებლად. თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ხელშეკრულების გაფორმება სამინისტროს და უნივერსიტეტის წარმომადგენლობთან, ვიტოვებთ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას. ყველა სტუდენტი და პროფესორი თავისუფალია. ავტონომია უნივერსიტეტს" - ნათქვამია მანიფესტში.

კომენტარები