რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ვოლსკი: კარასინის განცხადებას აშკარად შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნები აქვს

კარასინის განცხადება აგრესიულია, აშკარად შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნები აქვს და თითქოსდა ავიწყდება კიდევაც, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს არის გულწრფელობისგან შორს, ემოციისგანაც დაცლილია, გარკვეული ორიენტირები აქვს გაკეთებული და წინასაარჩევნო პერიოდში მე ვფიქრობ, ასეთი განცხადებები იმატებს. ქართული საზოგადობა თვითონ გადაწყვეტს პარლამენტის შეადგენლობას, ორიენტირებსაც. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიცია აქვს - მოლაპარაკებები რუსეთთან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, არანაირად არ ცვლის ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს განცხადება არ ეკუთვნის მთლად დიპლომატს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებაზე. კარასინმა თქვა, რომ “ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და ანტირუსული პროვოკაციული რიტორიკის აშკარა ზრდაა, რომელიც ისმის თბილისშიც და საერთაშორისო არენაზეც, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი. მისი განცხადებით, "ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ”

კომენტარები