ჩერგოლეიშვილი: არ უნდა დავუშვათ, ხელისუფლება დათანხმდეს გაზპრომის პირობას

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლების" წევრებმა და სტუდენტებმა დღეს ენერგეტიკის სამინისტროსთან (იუსტიციის სახლის შენობა) გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. მათ დაარიგეს ლიფლეტები - 13 ფაქტი გაზპრომის შესახებ.

„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გვაბოლებდა საქართველოს ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, რომ SOCAR-ს არ შეუძლია საქართველოსთვის დამატებითი მოცულობების მოწოდება. გაირკვა, რომ შეუძლია, ჰო? დღეს მოეწერა კონტრაქტს ხელი, რაც ნამდვილად ხელისუფლებაზე საზოგადოების ზეწოლის შედეგია. მაგრამ გამარჯვებამდე ჯერ შორია, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ მეორე ამოცანა შესასრულებელი - არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება დათანხმდეს გაზპრომს, ჩვენთვის მომგებიანი პირობებიდან გადავიდეთ ჩვენთვის წამგებიან პირობებზე, ქართველი ხალხის ინტერესების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, ვუერთდებით 6 მარტის პროტესტს, იმისთვის, რომ საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და გამარჯვება ვიზეიმოთ. ჩავდგებით ჯაჭვში, რომელიც მიუთითებს საქართველოს ხელისუფლებას - რა არის სწორი და რა არის არასწორი", - აცხადებს ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

პლატფორმა "დაიცავი თავისუფლება" საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობს. პლატფორმამ საქართველოს ხელისუფლების გაზპრომთან მოლაპარაკებები უკვე არაერთხელ გააპროტესტა. "დაიცავი თავისუფლებამ" გაზპრომის საკითხზე სასაუბროდ პრემიერმინისტრთან შეხვედრაც ითხოვა, თუმცა, გიორგი კვირიკაშვილისგან უარი მიიღო.

გაზპრომის საწინააღმდეგო აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან კვირას, 6 მარტს, 14:00 საათზეც იმართება, რომელსაც "დაიცავი თავისუფლება" უერთდება.

კომენტარები