თბილისის მერია

ენმ: მერიის შერჩეული კომპანიის მიმართ ხელისუფლების ინტერესები იკვეთება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საცობების განტვირთვის საკითხზე მერიის შერჩეული კომპანიის მიმართ, ხელისუფლებას გარკვეული ინტერესები აქვს. ენმ-ის ცნობით, თბილისის მერიამ, ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე, პირდაპირი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გააფორმა 40 000 ევროს ოდენობის ხელშეკრულება კომპანია "A+S"-სთან. ენმ-ის ინფორმაციითვე, კომპანიის საქმიანობის არეალი მხოლოდ მხოლოდ რუსეთის ფედერაციაა.

„თბილისის მერიაში საცობების პრევენციის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის მიხედვით, საცობების განტვირთვის მიზნით, სააკაძის მოედანზე შუქნიშნები უნდა დამონტაჟდეს. აღნიშნული ვარიანტი ერთ-ერთია, რომელსაც საბურთალოს რაიონში საცობების პრობლემის მოსაგვარებლად „გერმანული" საკონსულტაციო კომპანია „A+S" თბილისის მერიას სთავაზობს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დავინტერესდით, თუ რა პრინციპებითა და კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს "გერმანული" კომპანია და რა დაუჯდა ეს ყველაფერი თბილისის ბიუჯეტს.

შესაბამისად წერილობით მივმართეთ თბილისის მერიას და გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში რამდენიმე რამეა აღსანიშნავი:

თბილისის მერიამ, ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე, პირდაპირი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გააფორმა 40 000 ევროს ოდენობის ხელშეკრულება "გერმანულ" "A+S" კომპანიასთან, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში უამრავი ადამიანია დასაქმებული, ვისი პირდაპირი კომპეტენციაც სწორედ საგზაო ნიშნების, მონიშვნების და შუქნიშნების განლაგების და დამონტაჟების უზრუნველყოფა, ასევე შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაა. აღარ ვსაუბრობ ადგილობრივ ექსპერტებსა და სპეციელისტებზე, რომლის დაქირავებაც თბილისის მერიას 10-ჯერ ნაკლები დაუჯდებოდა.

ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული „გერმანული" კომპანიის საქმიანობა და ძალიან უცნაური ფაქტი აღმოვაჩინეთ. კომპანია უბრალოდ დაარსებულია გერმანიაში, მაგრამ მათი საქმიანობის არეალი, არის მხოლოდ რუსეთის ფედერაცია. მათ პროექტები განხორციელებული აქვთ მხოლოდ რუსეთის რეგიონში, მოსკოვში; კრასნოდარში, სამარაში, პეტერბურგში და სხვა რუსეთის ქალაქებში, აგრეთვე კომპანიამ დააპროექტა სოჭის ოლიმპიური პარკი და ოლიმპიადის ფარგლებში განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტები (აღნიშნულ ინფორმაციას შეუძლია გაეცნოს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ორგანიზაციის ვებსაიტზე: http://apluss.ru/project)" - განაცხადა თარხნიშვილმა და აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტში კონსულტაციებისთვის გამოყოფილია 4 მილიონი ლარი.

"სავარაუდოდ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ფაქტი ერთია, აღნიშნული კომპანიის რეკომენდაციები შუქნიშნების დამონტაჟებასთან დაკავშირებით საცობების განმუხტვის მიზნით, ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული და ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი ექსპერტი ტრანსპორტის დარგში. ბუნდოვანია აღნიშნული კომპანიის შერჩევის კრიტერიუმები, თუ რა პრინციპებიდან გამომდინარე შეარჩია თბილისის მერიამ აღნიშნული კომპანია. შესაბამისად ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ კომპანიის მიმართ გარკვეული ინტერესები იკვეთება." - თქვა დეპუტატმა.

კომენტარები