გაფიცული მეშახტეები

ენმ: ის, რაც ტყიბულში ხდება, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ის, რაც ტყიბულში ხდება, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აკაკი ბობოხიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ "სრულიად საქართველოს ელოდება გაჩერება". მან აღნიშნა, რომ შეღავათები ტყიბულის მოსახლეობას ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეუწყვიტა.

"ეს არის ლოგიკური შედეგი საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკისა. არა მარტო ტყიბულის ქვანახშირის შახტები, არამედ სრულიად საქართველოს ემუქრება გაჩერება. ქალბატონი ელისო ჩაფიძე იყო ის ადამიანი, ვინც 2012 წელს ტყიბულელებს ეუბნებოდა, რომ წინა ხელისუფლებამ მათ შეუწყვიტა შეღავათები. დღეს ირკვევა, რომ ეს შეღავათები ტყიბულის მოსახლეობას და არა მარტო ტყიბულის მოსახლეობას შეუწყვიტა არა წინა ხელისუფლებამ, არამედ სწორედ ამ ხელისუფლებამ", - თქვა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, გუშინ ტყიბულში გაფიცული მეშახტეები შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს. შახტის ადმინისტრაციის შენობასთან ტყიბულის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა, არავინ დაუკავებიათ. ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

ტყიბულში მაღაროელები რამდენიმე დღეა, გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.

კომენტარები