გაფიცული მეშახტეები

გელენიძე: პრობლემების გამო, ტყიბულის შახტის გარკვეული კონსერვაცია მოხდება

რუსთავი 2

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსური დირექტორის ზურაბ გელენიძის განცხადებით, პრობლემების გამო, ტყიბულის შახტში კონსერვაცია უნდა მოხდეს. მისი თქმით, გაფიცულ მეშახტეებთან მოლაპარაკების რესურსი ამოიწურა.

"მოლაპარაკების მაგიდა დავტოვე გუშინ, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, რესურსი აღარ იყო კონკრეტულად იმ სიტუაციაში. ამას გარდა, წარმოიშვა მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს კომერციულ საქმიანობასთან. მიუღებელი ქვანახშირის მოცულობის გამო გარკვეული კორექტირება განიცადა ჩვენმა კონტრაქტმა მყიდველთან, შესაბამისად, ის მოცულობები დღეს საჭირო აღარ არის. მეორე საკითხია ის, რომ მთელი რიგი ტექნიკური პრობლემები შეიქმნა შახტში, რომელთა შესახებაც თავად მეშახტეებმა, მაღაროელებმა ჩემზე უკეთესად უწყიან. აქედან გამომდინარე, გარკვეული საკონსერვაციო სამუშაოები უნდა განვახორციელოთ, იმისთვის, რომ პირველ რიგში, შახტის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. რამდენადაც მოგეხსენებათ, ჩვენი მხრიდან გაჟღერდა ყველა მოწოდება იმისთვის, რომ აღმდგარიყო სამუშაო პროცესი. ამავდროულად, გაკეთდა განცხადება, რომ 5%-ით გაიზრდებოდა სახელფასო ფონდი - ეს პირველ ეტაპზე, 1 მარტიდან, რაც უნდა ყოფილიყო იმის საწინდარი, რომ ორი თვის განმავლობაში სრული რევიზია განხორციელდებოდა სახელფასო სისტემის და გამოინახებოდა ოპტიმიზაციის გზები" - ამბობს გელენიძე.

ტყიბულელი მეშახტეები თითქმის ორი კვირაა გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის 40%-იან მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ასევე, გარანტიას - გაფიცულებისთვის შრომითი ხელშეკრულების შენარჩუნებაზე. ამასთან, დღეს გაფიცულებმა განაცხადეს, რომ თანახმა არიან გარკვეულ დათმობაზე წავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ ხელფასის 20%-იან მატებას დათანხმდებიან, თუმცა, არ გაიზიარებენ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შეთავაზებას - ხელფასის 5%-იან ზრდაზე.

კომენტარები