ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, Gazprom-თან შეთანხმება მიღწეული არაა, რადგანაც რუსული მხარე საქართველოს სომხეთისთვის მისაწოდებელი გაზის ტრანზიტში გატარებული მოცულობის 10%-ის ნაცვლად ფულად გადახდას სთავაზობს, რაც საქართველოსთვის წაგებიანია. ვალიშვილი ამბობს, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები სწორედ Gazprom-თან ახალი კონტრაქტის შედეგად გამოწვეული ბუნებრივი აირის დეფიციტის დასაბალანსებლად მიმდინარეობს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში 29 თებერვალს გამართავს მოლაპარაკებებს.
"Gazprom-თან შეხვედრა იქნება, რადგანაც წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა, შეხვედრები გაგრძელდება იქამდე, სანამ შეთანხმება არ შედგება. საუბარი შეეხება სატრანზიტო მომსახურების ანაზღაურების ფორმას, ანაზღაურების რაოდენობას. ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი, რომ გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, რაც საერთაშორისო პრაქტიკაა და ჩვენთან გამონაკლისი შემთხვევა იყო, თუმცა ეს კარგი შემთხვევა იყო ჩვენთვის. არ ვართ წინააღმდეგი თანხობრივ ანაზღაურებაზე, მაგრამ გააჩნია, თუ რა იქნება ეს თანხა, სწორედ ამ თანხაზე ვერ ვთანხმდებით.
აზერბაიჯანთან მიდის მუშაობა, გარკვეული ხელშეკრულების პირობები, ასე ვთქვათ, რომელიც უნდა გადაიხედოს საფასო პოლიტიკასთან და გარკვეულ მოცულობებთან დაკავშირებით, ასევე ტექნიკური დეტალები, თუ რა მოცულობა და რა მილსადენით მოგვეწოდება და ასე შემდეგ. გაჟღერებულიც იყო, რომ გარკვეული სამუშაო ჯგუფები მუშაობენ და შედეგები გვაქვს კიდევაც. 29 თებერვალს იგეგმება ბატონი ვიცეპრემიერის ვიზიტი ბაქოში სამხრეთ გაზის დერეფნის მინისტერიალზე და იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში საბოლოოდ შეთანხმდება ქართული და აზერბაიჯანული მხარე იმ პრინციპებზე, რა პრინციპებითაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.
აზერბაიჯანი ვერ ჩაანაცვლებს იმ მომსახურებას, რაც არის სომხეთის ტრანზიტი, ეს არის ჩვენი ფუნქცია და ჩვენ აქ ორმხრივ ფორმატში ვლაპარაკობთ გაზპრომთან და მას კავშირი არ აქვს აზერბაიჯანთან. შესაბამისად, ლაპარაკი იქნება იმაზე, რომ თუკი გაზპრომთან გადავედით მონეტიზირებულ ოფციაზე, ის მოცულობა, რაც საქართველოს გაზის ბაზარს დააკლდება, ამისი შემვსები იქნება თუ არა აზერბაიჯანი, როგორც ფინანსური, ასევე კომერციული ფასიდან გამომდინარე", - ამბობს მარიამ ვალიშვილი.
საუბარია საქართველოზე გამავალ შაჰ-დენიზის მილსადენზე, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. ამ გაზსადენში დამატებითი ბუნებრივი აირის მიწოდების შემთხვევაში, Gazprom-თან ახალი კონტრაქტით მიღებული გაზის დანაკლისის დაბალანსება მოხდება.