თბილისის საქალაქო სასამართლო

NGO-ები: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახვლედიანი კანონის დარღვევით გაათავისუფლა

არასამთავრობო ორგანიზაციები

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი კანონის დარღვევით გაათავისუფლა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საბჭოს გადაწყვეტილება უხეშად არღვევს კანონის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება თავმჯდომარის გათავისუფლებისთვის კანონით დადგენილ ნათელ და არაორაზროვან პროცედურებს. TI-ის განცხადებით, გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას და საბჭოს მხრიდან კანონის თვითნებურ და არასწორ გამოყენებაზე მიუთითებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მამუკა ახვლედიანმა სასამართლოში არსებულ ვითარებაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთა. 

"გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება არღვევს კონკრეტული მოსამართლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, მას ექნება გავლენა მთლიანად სასამართლო სისტემის შემდგომ განვითარებაზე, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება მიმართულია არამხოლოდ მამუკა ახვლედიანის მიმართ, არამედ წარმოადგენს ერთგვარ მითითებას სასამართლოს მთელი შემადგენლობისთვის, რომ კრიტიკული პოზიციების გამოხატვა საბჭოს მხრიდან მსგავსი მექანიზმების გამოყენებას გამოიწვევს.

კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ვადის ამოწურვამდე თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას კონკრეტული საფუძველი გააჩნია. ასეთ საფუძველს წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, რაც შესაბამისი პროცედურით უნდა იქნეს დადგენილი. მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების სრულყოფილად ჩატარების შემდგომ, გადაცდომის დადგენის შემთხვევაშია შესაძლებელი ზემოქმედების ღონისძიების სახედ თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება. ამჟამად თავმჯდომარის გათავისუფლებისთვის სხვა სამართლებრივ საფუძველს კანონმდებლობა არ იცნობს. მოცემულ შემთხვევაში, თავმჯდომარის გათავისუფლება ამ პროცედურის დაუცველად კანონის უხეში დარღვევით განხორციელდა", - აცხადებს TI.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება წლებია, საუბრობს საქმეთა განაწილების წესის ხარვეზებზე, "რაც სისტემურ პრობლემას წარმოადგენს" და არ ეხება მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

"სამწუხაროდ, წლების განმავლობაში საბჭო ამ და სხვა სისტემური პრობლემების წინააღმდეგ უმოქმედო და არაეფექტურია. ამ შემთხვევაშიც, საბჭოს გააქტიურება და მისი მხრიდან პრიორიტეტულად თბილისის საქალაქო სასამართლოს და კონკრეტულად მამუკა ახვლედიანის გადაწყვეტილებებით დაინტერესება მოჰყვა მის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წარმოადგენს შერჩევითი მიდგომის ნათელ მაგალითს და აძლიერებს ეჭვებს, რომ საბჭოს მოქმედება განპირობებულია კონკრეტული მოსამართლის მიერ გამოხატული კრიტიკული განწყობებით და ის არ ემსახურება სასამართლოში არსებულ პრობლემებთან სისტემურ ბრძოლას. ნაცვლად ამისა, საბჭო თანმიმდევრულად ცდილობს გამოიყენოს მის ხელთ არსებული რეპრესიული მექანიზმები მისთვის "არასასურველი" მოსამართლეების წინააღმდეგ. მიგვაჩნია, რომ საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება ქმნის საშიშ პრეცედენტს, რომელიც მნიშვნელოვნად დააზიანებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენა. საბჭომ წევრთა განცხადებით, ახვლედიანმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და შეითავსა საბჭოს კომპეტენცია. თავად მამუკა ახვლედიანის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „აბსოლუტურად აბსურდულ ბრალდებაზე“ პასუხის გაცემის საშუალებაც არ მისცა.

კომენტარები