The Sunday Times-ის ცნობით, გერმანია რუსეთის ფარულ ოპერაციას იძიებს, რომლის მიზანი მიგრანტთა კრიზისის გაღრმავება, მერკელის მთავრობის შესუსტება და ევროკაშირის დესტაბილიზაციაა.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა საიდუმლო სპეცსამსახურებს დაავალა, გამოიძიონ მინიშნებები, რომლებიც გერმანიის წინააღმდეგ კრემლის ჰიბრიდულ ომზე მიუთითებს. კერძოდ, იგულისხმება სხვადასხვა სახის მედიამანიპულაციების, ჯაშუშობისა და სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის კომბინაციები.
როგორც გამოცემა წერს, ბერლინში დარწმუნებულნი არიან, რომ ვლადიმირ პუტინს სურს, ზიანი მიაყენოს ან საერთოდ დაამხოს ანგელა მერკელი, რომელიც, თავის მხრივ, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ საერთოევროპული ფრონტის საკვანძო ფიგურად განიხილება.
მერკელთან დაახლოებული წყაროების ცნობით, დაზვერვის სამსახურების გამოყენება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გასულ თვეში რუსულმა მედიამ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თითქოს ბერლინში, 13 წლის რუს გოგონას არაბი ლტოლვილები 30 საათის განმავლობაში ჯგუფურად აუპატიურებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა უწყებაში დაიბარეს და უთხრეს, რომ რუსეთს მედიაკამპანიის ტონი დაეწია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მკვეთრი განცხადებები გააკეთა და გერმანია, შიდაპოლიტიკური მოსაზრებებით, სიმართლის დამალვაში დაადანაშაულა.
Sunday Times-ისვე ცნობით, გერმანიის სამთავრობო წყარო ამბობს, რომ ლავროვის განცხადება ბოლო წვეთი იყო, რადგან დამადასტურებელი ფაქტების არარსებობის მიუხედავად, ის მაინც გერმანიას სდებს ბრალს, ეს დეზინფორმაცია კი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება - მიგრანტების თემის ირგვლივ პანიკის შექმნას.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ დასავლელი ანალიტიკოსები და უშიშროების სამსახურები უკვე დიდი ხანია, ფიქრობენ, რომ პუტინის ჩართვა სირიაში ლტოლვილთა კრიზისს ამძიმებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ კრემლი ევროპაში არსებულ რადიკალურ მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკურ ჯგუფებს აფინანსებს. მაგალითად, მათ შორისაა მარი ლე პენის რადიკალ-მემარჯვენე პარტია სახალხო ფრონტი, რომელმაც ბოლო პერიოდში რუსეთს 27 მილიონი ევროს სესხება სთხოვა საარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად. ამას წინ უძღოდა ცნობები იმის შესახებ, რომ ლე პენის პარტიამ კრემლთან აფილირებული ორგანიზაციებისგან 11 მილიონი ევრო მიიღო.
იმას, რომ გერმანია ბოლო თვეებში კრემლის მედიაკამპანიების მთავარი სამიზნეა, ადასტურებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის დაკვირვებაც, რომელიც ყოველთვიურად აქვეყნებს რუსული მედიაფაბრიკაციების სიას.





