ტერაქტი თურქეთში

ენმ: ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახებისა და ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ენმ-ის განცხადებით, "მთელი ცივილიზებული სამყარო და ყოველი ჩვენგანი შეძრა თურქეთში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა".

"კიდევ ერთხელ ჩვენი საუკუნის უდიდესმა ბოროტებამ, ტერორმა იმსხვერპლა მშვიდობიანი, უდანაშაულო ადამიანები! ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თურქეთის ქალაქ ანკარაში მომხდარ ტერორისტულ აქტის დროს დაღუპული 28 ადამიანის გამო და ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახებისა და ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას" - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქებამ სულ მცირე 28 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 61 ადამიანი. BBC-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მანქანაში იყო დამონტაჟებული და მაშინ ამოქმედდა, როდესაც სამხედრო ავტობუსებმა ახლოს ჩაიარეს. აფეთქება პარლამენტის შენობასა და სამხედრო შტაბთან ახლოს მოხდა. თურქეთის ვიცეპრემიერმა ბექირ ბოზდაგმა შემთხვევას ტერორისტული აქტი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ბოლო დროს ტერორისტული აქტები გახშირდა. გასულ თვეს სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტმა 10 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები