ტერაქტი თურქეთში

პრეზიდენტი: ტერორიზმის წინააღმდეგ, საერთაშორისო საზოგადოების გვერდით ვდგავართ

გიორგი მარგველაშვილი
report.az

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში, ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ ღამით თურქეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ქართველი ხალხი, ამ მძიმე წუთებში, თანაუგრძნობს მეგობარ თურქ ხალხს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქებამ სულ მცირე 28 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 61 ადამიანი. BBC-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მანქანაში იყო დამონტაჟებული და მაშინ ამოქმედდა, როდესაც სამხედრო ავტობუსებმა ახლოს ჩაიარეს. აფეთქება პარლამენტის შენობასა და სამხედრო შტაბთან ახლოს მოხდა. თურქეთის ვიცეპრემიერმა ბექირ ბოზდაგმა შემთხვევას ტერორისტული აქტი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ბოლო დროს ტერორისტული აქტები გახშირდა. გასულ თვეს სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტმა 10 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები