ტერაქტი თურქეთში

საგარეო უწყება: სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის მთავრობასა და თურქ ხალხს

თურქეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყება მწუხარებას გამოხატავს და თანაგრძნობას უცხადებს თურქ ხალხს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 17 თებერვალს, ანკარის ცენტრში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ახლოს, ინონუს ბულვართან, სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების გამო, რომლის შედეგადაც, ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა ოცზე მეტი და დაშავდა სამოცზე მეტი ადამიანი. თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ მომხდარი უკვე შეაფასა როგორც ტერორისტული აქტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქებამ სულ მცირე 28 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 61 ადამიანი. BBC-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მანქანაში იყო დამონტაჟებული და მაშინ ამოქმედდა, როდესაც სამხედრო ავტობუსებმა ახლოს ჩაიარეს. აფეთქება პარლამენტის შენობასა და სამხედრო შტაბთან ახლოს მოხდა. თურქეთის ვიცეპრემიერმა ბექირ ბოზდაგმა შემთხვევას ტერორისტული აქტი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ბოლო დროს ტერორისტული აქტები გახშირდა. გასულ თვეს სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტმა 10 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები