ტერაქტი თურქეთში

პრემიერი: მწამს, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს ტერორიზმთან გამკლავებას

facebook.com/KvirikashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ანკარაში მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. პრემიერი თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას, თურქ ხალხს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. მაქვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალებით შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს ბოროტებას", - აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქებამ სულ მცირე 28 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 61 ადამიანი. BBC-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები მანქანაში იყო დამონტაჟებული და მაშინ ამოქმედდა, როდესაც სამხედრო ავტობუსებმა ახლოს ჩაიარეს. აფეთქება პარლამენტის შენობასა და სამხედრო შტაბთან ახლოს მოხდა. თურქეთის ვიცეპრემიერმა ბექირ ბოზდაგმა შემთხვევას ტერორისტული აქტი უწოდა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში ბოლო დროს ტერორისტული აქტები გახშირდა. გასულ თვეს სტამბოლში თვითმკვლელმა ტერორისტმა 10 ადამიანი იმსხვერპლა.

კომენტარები