ანაკლიის პორტი

პრემიერი: ანაკლიის ნავსადგურს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ააშენებს

Wictor Dabkowski / Zuma Wire

გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის გამართული ტენდერის გამარჯვებული დაასახელა. მისი თქმით, ანაკლიის ნავსადგურს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ააშენებს.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, ოპერირებისა და მშენებლობის შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველმა სამთავრობო კომისიამ 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებული კომპანია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გამოავლინა. კონსორციუმი TBC Holding-ისა და ამერიკული კომპანია Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა", - თქვა პრემიერმა და ანიშნა, რომ სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა შემდეგი კრიტერიუმებით: ფინანსური,  ტექნიკური და ეკონომიკური.

"დამატებით, წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია  და ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა. სამართლებრივი კრიტერიუმით,“ - განაცხადა პრემიერმა და იმედი გამოთქვა, რომ მშენებლობის ვადები იქნება დაცული და სულ მალე საქართველოს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ნავსადგური. 

„დარწმუნებული ვართ, პორტი დათქმულ ვადებში დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის, რათა „აბრეშუმის გზის“ კონცეფცია სრულმასშტაბიანად ამოქმედდეს საქართველოში და სამხრეთკავკასიის სატრანსპორტო კორიდორი გახდეს თვისობრივად ახალი გამტარუნარიანობისა და ახალი შესაძლებლობების. ამასთან, ამ პორტის მშენებლობით საქართველოში შეიქმნება რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და ჩვენ ჩაფიქრებული გვაქვს, რომ პორტის გარშემო შეიქმნას  თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის,“  - აღნიშნა პრემიერმა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები.  პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებასაც.  

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ტენდერი დაახლოებით 2 წლის წინ გამოცხადდა. კონკურსი რამდენიმე ეტაპად გაიმართა და მასში 10-მდე კომპანია მონაწილეობდა.

კომენტარები