გაზპრომის საკითხზე სასაუბროდ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პლატფორმა "დაიცავი თავისუფლების" წევრებთან შეხვედრას არ აპირებს. როგორც ცნობილია, პლატფორმამ მთავრობის ადმინისტრაციას პრემიერთან შეხვედრის თხოვნით 18 იანვარს მიმართა, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. დღეს ტაბულამ გიორგი კვირიკაშვილს ჰკითხა, აპირებდა თუ არა პლატფორმის წარმომადგენლებთან შეხვედრას.
"მე ვხვდები ძალიან ბევრ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს და მაქვს განრიგი გარკვეული. გაზპრომის თემას თუ ეხება, არ მაქვს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ეს თემა კიდევ ამ ფორმატში განვიხილო. მე მგონია, რომ ეს საკითხი არის ამოწურული, იმიტომ, რომ არანაირ სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის. იყო საუბარი წმინდა ტექნიკური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრაზე და მე მგონია, რომ სრულიად უსაფუძვლო არის ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება. ჩვენს გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, მათ შორის კომპანია სოკართან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები და არაფერი ამ სტრატეგიულ ურთიერთობებს არ ემუქრება. მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ ამის შესახებ", - თქვა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმა "დაიცავი თავისუფლების" ორგანიზებით, გაზპრომთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია არაერთხელ გაიმართა.





