ნედლეული

ნავთობის ფასები გასული 14 წლის მინიმუმადე შემცირდა

Sofia Ordonez / CNN

ნედლი ნავთობის ფასები 2002 წლის შემდეგ ასეთი დაბალი არ ყოფილა. 7 იანვარს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები კიდევ შემცირდა, 4%-ით შემცირდა Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი, ასევე 3.9%-ით შემცირდა ამერიკული WTI-ის ნდექსის ნავთობიც. ამ დროისთვის ერთი ბარელი ნედლი Brent-ის მარკის ნავთობი $32.89-მდე, WTI კი $32.66-მდე არის შემცირებული. ჭარბ მოპოვებასთან ერთად ფასების ვარდნის მიზეზები აზიურ ბაზარზე შენელებული ეკონომიკური ზრდა, ჩინური იუანის გაუფასურება და 7 იანვარს ჩინური ბირჟების დაკეტვაა.

ჭარბი მოპოვება

დღეისთვის მსოფლიო ბაზარზს მოთხოვნაზე მეტი მოცულობის ნავთობი მიეწოდება, რაც ბაზარზე მის სიჭარბეს ქმნის და ფასების ვარდნას იწვევს. OPEC-ის ქვეყნების მიერ 2014 წელს ნავთობის მოპოვების დღეში 30 მილიონ ბარელამდე გაზრდის გადაწყვეტილებამ წელიწადსა და სამ თვეში ფასების 70%-იანი შემცირება გამოიწვია. ამას თან დაერთო ირანისთვის სანქციების მოსალოდნელი შემსუბუქება, რომლის შემდგომაც მსოფლიო ბაზარზს იაფი ირანული ნავთობი ჭარბად მიეწოდება. ფასების კიდევ უფრო მეტად შემცირების მიზეზი გახდა ამერიკის მიერ ნავთობის ექსპორტზე დადებული ემბარგოს მოხსნა, რაც ბაზარზე პოტენციურად ამერიკული ნავთობის მიწოდების ზრდას ნიშნავს. 

არსებობს მოლოდინი, რომ ფასები კიდევ უფრო მეტად შემცირდება, ამის მიზეზს ნავთობის თვითღირებულება ქმნის. უმსხვილეს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში ერთი ბარელის თვითღირებულება $15-ზე ნაკლებს შეადგენს, მაგალითად ირანული ნავთობის ღირებულება ბარელზე $12.6-ია, ემირატები ბარელ ნავთობს $12.3-ად მოიპოვებს, საუდის არაბეთში ბარელის მოპოვება $9.9 ჯდება, ქუვეითში კი მისი ღირებულება კიდევ უფრო ნაკლები $8.5-ია. 

ნავთობს ყველა ქვეყანა ასე იაფად ვერ მოიპოვებს, რის გამოც ფასების შემცირება ძვირადღირებულ მომპოვებლებზე უარყოფითად აისახება. მაგალითად ამერიკაში ბარელის საშუალო თვითღირებულება $36-ია, $35 ღირს ბარელის მოპოვება კოლუმბიაში, ყაზახეთში - $27, ვენესუელაში $23, რუსეთში $17. სწორედ ამ ძვირადღირებული მწარმოებლებს ექმნებათ ფასების ვარდნით პრობლემები. 

რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო შემოსავლები ნავთობზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რადგანაც უმსხვილესი ნავთობკომპანიები, როგორიცაა: RosneftGazpromTRANSNEFT, სახელმწიფოს საკუთრებაშია და მათი შემოსავლებით პირდაპირ ბიუჯეტის დაფინანსება ხდება.რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ ორეშკინმა დეკემბერში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა ვერ ხედავს იმის საფუძველს, რომ მომავალი წლის მანძილზე ნედლი ნავთობის ფასმა $40-ს გადააჭარბოს.

ნავთობზე ფასების კლება მსოფლიოს 1 მილიარდი ავტომფლობელისთვის კარგი სიახლეა, უკვე შემცირებულია ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები.

საქართველო ნედლი ნავთობის ფასზე პირდაპირ დამოკიდებული არ არის, რადგანაც ქვეყანაში მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს, ამიტომაც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები ქართულ ბაზარზე დაახლოებით ერთთვიანი პაუზის შემდეგ აისახება.

კომენტარები