სამომხმარებლო ბაზარი

იანვარში ინფლაციამ ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს 0.6%-ით გადააჭარბა

ტაბულა

საქსტატის მონაცემებით, იანვარში წინა წელთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ 5%-იან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა და 5.6% შეადგინა. იანვარში ფასების ყველაზე მაღალი მატება ჯანდაცვასა (11%) და სურსათზე (5.1%) დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ფასების ზრდა 2016 წლის პირველ ნახევარში კიდევ გაგრძელდება, წლის ბოლოს კი ის ისევ საპროგნოზო მაჩვენებელს დაუბრუნდება. 

საქსტატის გენერალური დირექტორის მერი დაუშვილის თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში არსებული სავაჭრო და სხვა სახის ობიექტების ფასების გამოკვლევის შედეგად მიიღება. 

"მეთოდოლოგიას ვამყარებთ ფასების გამოკითხვის შედეგებზე, ქალაქების მასშტაბით ვაკეთებთ ამ გამოკვლევას და შემდეგ უკვე ქვეყნის მასშტაბით ვახდენთ ამ რიცხვების შეწონას და ამ ეტაპზე იანვარში წინა წელთან შედარებით გვაქვს 5.6%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი", - ამბობს საქსტატის გენერალური დირექტორი მერი დაუშვილი. 

სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქციის ფასების ცვლილება კი ასეთია:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 5.1%-იანი გაძვირება
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 7.3%-იანი გაძვირება
  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 1.7%-იანი გაძვირება
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 8.2%-იანი გაძვირება
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 10.4%-იანი გაძვირება
  • ჯანმრთელობის დაცვა - 11%-იანი გაძვირება
  • ტრანსპორტი - 1.6%-იანი გაიაფება
  • კავშირგაბმულობა - 0.4%-იანი გაძვირება
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 6%-იანი გაძვირება
  • განათლება - 3.7%-იანი გაძვირება
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6.5%-იანი გაძვირება
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 8.3%-იანი გაძვირება

ტრანსპორტის სფეროში ფასების შემცირება ბენზინსა და დიზელზე ფასების მსოფლიო შემცირებას უკავშირდება, საცხოვრებელი სახლის მოვლა-შენახვის გაძვირება კი - სემეკის მიერ ელექტროგამანაწილებლებისთვის გაზრდილი დენის ტარიფის დადგენას.

კომენტარები