ენერგეტიკა

SOCAR ზამთრში საქართველოს გაზმომარაგებას 50 მილიონი მეტრ კუბით გაუზრდის

აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია სოკარმა 29 იანვარს გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოს ზამთრის პერიოდში გაზმომარაგება გაუზარდოს. სოკარის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო ზამთრის სეზონზე მინიმუმ 50 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირით მეტს მიიღებს. განცხადების მიხედვით, ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის თხოვნა ქართული მხარისგან მომდინარეობდა. 

"ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სოკარმა განიხილა საქართველოს გაზმომარაგების ზრდის შესაძლებლობები და ქართულ მხარესთან შეთანხმებას მიაღწია. შაჰ-დენიზის საერთაშორისო კონსორციუმის სეზონური ლიმიტები გადაიხედება, რის შედეგადაც საქართველოს გაზმომარაგება ზამთრის სეზონზე მინიმუმ 50 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კეთილმეზობლური ნაბიჯია და ის აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ენერგეტიკული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისკენ არის მიმართული", - ნათქვამია სოკარის განცხადებაში. 

ზამთრის პერიოდში საქართველო ყოველდღიურად დაახლოებით 10-12 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, რაც ზაფხულის მოხმარებას თითქმის ორჯერ აღემატება. ქვეყნის წლიური მოხმარება კი დაახლოებით 2.5 მილიარდი მეტრ კუბია. ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ამ მოთხოვნას სრულად ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომაც საქართველომ დამატებითი რუსული ბუნებრივი აირი რუსეთიდან უნდა შეიძინოს. 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სოკარმა აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში გაზპრომთან კონკურენციის გაწევის მიზნით მიიღო. 

კომენტარები