არჩევნები გარდაბანში

გაბაშვილი: გარდაბნის არჩევნები ჩვენი კანდიდატის გამარჯვებით დასრულდება

ტაბულა

საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მათი გამგებლობის კანდიდატი ბესიკ კახაბრიშვილი კანდიდატურას ხსნის, "ქართული ოცნების იაფფასიანი ტყუილია". მისი განცხადებით, კახაბრიშვილი გარდაბნის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„ოცნებას ამ იაფფასიანი ტყუილების მეტი არაფერი დარჩენია. ბესო კახაბრიშვილი მონაწილეობას იღებს არჩევნებში და არანაირი კანდიდატურის მოხსნაზე საუბარი არაა. ოცნება არის გაკოტრებული, ამომრჩევლის მხარდაჭერა დაკარგული აქვს და ცდილობენ ასეთი ინსინუაციებით გადაირჩინონ თავი. ბრძოლა გრძელდება და ის აუცილებლად ჩვენი კანდიდატის, ბესო კახაბრიშვილის გამარჯვებით დასრულდება", - თქვა გაბაშვილმა.

დღევანდელ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატმა გარდაბანში, ბესიკ კახაბრიშვილმაც დაადასტურა, რომ 28 იანვრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ქართული ოცნების ინფორმაციით კი, ნაციონალური მოძრაობა აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს. პარტიის მოსაზრებით, ამის რეალური მიზეზი ისაა, რომ ენმ ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების სოლიდური რაოდენობის მიღებას. ქართული ოცნების განცხადებით, "გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად, ქართული ოცნების რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული". ამ თემაზე პარტია ბრიფინგის გამართვას ხვალ გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, გარდაბანში, სოფელ მუღანლოში პარტიის მხარდამჭერ ახალგაზრდებს აშინებენ, ემუქრებიან, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდებიან. ენმ სამართალდამცავებს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები