მთავარი პროკურატურა

პროკურატურა: ე.წ. სისტემურ დანაშაულებზე გამოძიება მიმდინარეობს 151 საქმეზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა გახმაურებული საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის კითხვებს პასუხობს. უწყება ინფორმაციას ვებგვერდზე ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, "ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებს", გამოძიება დაიწყო 191 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა - 124 ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ.

"მათ შორის ისეთი მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, როგორებიც არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის უფროსი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. მოცემული საქმეებიდან, სასამართლოში განსახილველად წარიმართა 119 პირის მიმართ 40 სისხლის სამართლის საქმე, საიდანაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა 81 პირის მიმართ 23 სისხლის სამართლის საქმეზე", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ამჟამად, გამოძიება მიმდინარეობს ხუთი პირის - დათა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას, რომან შამათავას და გიორგი სამუშიას მიმართ.

უწყების განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის, ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის, ე.წ.კარანტინის დაშლის, ე.წ ციხის ბუნტის, ე.წ. 26 მაისის დარბევის, ე.წ. კასრების საქმეებზე. ასევე, "ცემა-წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართ".

"ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, გამამტყუნებელი განაჩენებიდან საპროცესო შეთანხმება გაფორმებულია 20 პირთან, ასევე, დღეის მდგომარეობით სასამართლოში 17 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა, მათ შორის შემდეგ გახმაურებულ საქმეებზე: ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, გირგვლიანის საქმე, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმე, რეინჯერ ცინდელიანის მკვლელობის საქმე, მალხაზ არქანიას საქმე, ელდარ ქობალიას საქმე", - აცხადებს მთავარი პროკურატურა და აღნიშნავს, რომ ასევე, ე.წ. სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს 151 სისხლის სამართლის საქმეზე.

"ზემოხსენებულ ძალადობრივ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი არაერთი საჯარო განცხადება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურის მიერ მაქსიმალურად სრულად ხდება საზოგადოების ინფორმირება გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან, პროკურატურა კვლავაც გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროულად და სრულყოფილად მიაწოდოს საჯარო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. საქართველოს მთავარი პროკურორი უახლოეს მომავალში გეგმავს ფართო საზოგადოებას გააცნოს პროკურატურის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შედეგები", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უწყებას წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართა. მასში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე პროკურატურას სთხოვდა, სამართლიანობის აღდგენის პროცესის მიმდინარეობის შესახებ მათთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ.

კომენტარები