საჩოგბურთო სკანდალი

გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში 16 ჩოგბურთელია ეჭვმიტანილი

Getty Images

საჩოგბურთო სამყაროში გარიგებულ მატჩებზე გამოძიებისას ახალი დეტალები გამოიკვეთა. BBC-ის ინფორმაციით, გარიგებულ მატჩებში უძლიერესთა კლასიფიკაციის 16 ჩოგბურთელია ეჭვმიტანილი, მათ შორის არიან დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებულებიც. მათი გვარები ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ გამოძიება 2007 წლიდან მიმდინარეობს. საქმე ეხება 10 წლის წინანდელ თამაშებს.

აღსანიშნავია, რომ საეჭვო მატჩებს შორის ყველაზე პრესტიჟული უიმბლდონის ტურნირის სამი შეხვედრაც მოხვდა. BBC-ის ცნობით, სკანდალის მონაწილე 8 ჩოგბურთელი ხვალიდან ავსტრალიის ღია პირველობაშიც ითამაშებს.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები ტოტალიზატორებში რუსეთის და იტალიის ჩრდილოეთის პროვინციების სინდიკატებიდან ირიცხებოდა.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე კრის კერმუდი აცხადებს, რომ BBC-ის ინფორმაცია 10 წლის წინანდელ მატჩებს ეხება და საუბარი არ არის ახალ საეჭვო მატჩებზე. ასოციაცია მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

"BBC-ის ინფორმაცია 10 წლის წინანდელ მოვლენებს ეხება და ბუნებრივია, ისინი საყურადღებოა, თუმცა საუბარი არ არის ახალ საეჭვო მატჩებზე. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ყველა ეჭვქვეშ დამდგარი მატჩის შედეგი, სტატისტიკა და სრული ვიდეომიმოხილვა მივაწოდოთ მათ. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩოგბურთისა და თითოეული ჩოგბურთელის სისუფთავეში და ყველაფერს გავაკეთებთ სიმართლის საბოლოოდ დასამტკიცებლად", - განაცხადა კერმუდმა.

ამ დროისათვის მამაკაცთა შორის მსოფლიო საუკეთესო ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, კერმუდის მსგავსად, განაცხადა, რომ საჩოგბურთო ელიტაში მატჩების გარიგება გამორიცხულია და ეს ცნობები მორიგი სპეკულაციებია. გარიგებები ჯოკოვიჩის მსგავსად ეჭვქვეშ დააყენეს როჯერ ფედერერმაც და სერენა უილიამსმაც.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩის თქმით, მას 2007 წელს St Petersburg Open-ის პირველი რაუნდის წაგების სანაცვლოდ 110 000 ფუნტს სთავაზობდნენ, თუმცა მან ეს შეთავაზება იმ წამსვე უარყო.

 

კომენტარები