ლატარია

TPU: გასაჯაროვდეს თუ როგორ დაუგროვდა ლატარიის კომპანიას 216 მილიონიანი ვალი

facebook.com/GeorgianLottery

ფინანსთა სამინისტრო კომპანიას, რომელსაც ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური უფლება აქვს 1000 ლარად ყიდის, რაც ამ კომპანიის 17-მილიონიანი აქტივების ფონზე, მიზერული ღირებულებაა. კომპანიის აქციების შეუსაბამოდ დაბალი ღირებულება სახელმწიფოს წინაშე მისი ვალდებულებით არის გამოწვეული, რადგანაც მისმა შემძენმა უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის წინაშე არსებული 216 მილიონი ლარის მოცულობის დავალიანება. აუქციონი 28 იანვარს დასრულდება. საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU) მთავრობისგან აუქციონის შეჩერებას და იმ მიზეზების გასაჯაროებას მოითხოვს, თუ როგორ დაუგროვდა კომპანიას ამ მასშტაბის დავალიანება. 

"ირკვევა, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანიას“, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს და რომელიც, ფაქტობრივად, მონოპოლისტია ბაზარზე, გააჩნია ბიუჯეტის მიმართ 216 318 937 ლარის ოდენობით დავალიანება (მ.შ. საურავი 62 634 927 ლარი). ეს ფაქტი კითხვებს ბადებს კომპანიის ამჟამინდელი და ყოფილი მენეჯმენტის საქმიანობის მიმართ და საჭიროებს განმარტებების გაკეთებას. ცნობისთვის, კომპანიის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ წილს მართავდა საქართველოს ფოსტა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ ექსკლუზიური უფლებები მიენიჭა 2009 წელს ტენდერის საფუძველზე (რაც არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი) და კომპანიამ 10 წლის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში 913 351 000 ლარის შეტანის ვალდებულება აიღო. დღეს კი, ირკვევა, რომ შეთანხმებიდან 6 წლის შემდეგ კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანება დაუგროვდა და ის, სავარაუდოდ, ვერ ასრულებს აღებულ ვალდებულებებს.

ამ ფონზე, ეჭვქვეშ დგება კომპანიისთვის ექსკლუზიური უფლებების შენარჩუნების მიზანშეწონილობა. ზემოხსენებულ გარემოებებზე დაყრდნობით „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ მოითხოვს:

  1. შეჩერდეს აუქციონი, რათა დაინტერესებულ პირებს მიეცეთ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და ანალიზის საშუალება.
  2. დადგინდეს მიზეზები იმისა, თუ რამ გამოიწვია კომპანიის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დიდი ოდენობით დავალიანების დაგროვება და შეფასდეს მენეჯმენტის საქმიანობა.
  3. თუ დადასტურდება ის, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანია“ ვერ ასრულებს „საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე” ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, უნდა დადგეს აღნიშნული ექსკლუზიური უფლებების გაუქმების საკითხი და მოხდეს ბაზრის სრული დემონოპოლიზაცია.

"გადასახადის გადამხდელთა კავშირს“ არაფერი აქვს პრივატიზაციის საწინააღმდეგო. პირიქით, ის თავად ბევრჯერ გამოსულა სახელმწიფო საწარმოების გასხვისების მოწოდებით, თუმცა აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს გამონაკლისს და საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს", - წერია გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებაში.

 

კომენტარები