ჩალაგაშვილი: რუსეთი დაგვაბრუნებს იმ დროში, როდესაც ყველანი ნავთის რიგში ვიდექით

facebook.com/guram.chalagashvili
სემეკ-ის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ამბობს, რომ რუსულ ენერგოგიგანტ Gazprom-თან მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოს იმ წლებში დაბრუნება შეუძლია, როდესაც ქვეყანა ნავთის რიგში იდგა. ჩალაგაშვილის შეფასებით, Gazprom-ის მხრიდან სოკარზე უფრო იაფი გაზის შეთავაზება პოლიტიკურ ნაბიჯს წარმოადგენს, რომელიც მიზნად საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის შესუსტებას ისახავს. ჩალაგაშვილმა Gazprom-თან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ მაესტროსთან ისაუბრა.
 
"დაუჯერებელია ის, რასაც ამბობს ხელისუფლება. ყველაზე მინიმალური ტარიფი, რა ფასადაც 1000 კუბურ მეტრ გაზს ბატონი პუტინი თავისი Gazprom-ის საშუალებით ყიდის მსოფლიოში, არის 350 დოლარი. ვინ დავიჯერებთ იმას, რომ დღეს ისე შეუყვარდა რუსეთს საქართველო, რომ აზერბაიჯანზე დაბალ ფასად, ანუ 165 დოლარზე დაბალ ფასად მისცემს საქართველოს გაზს. ეს არის ის პირველი ნაბიჯი, რითიც რუსეთს უნდა, რომ საქართველო გახდეს ენერგოდამოკიდებული რუსეთზე. მთელი მსოფლიო და ევროპა მუშაობს იმაზე, რომ რუსეთის გაზი აღარ შეიტანონ. რატომ მიისწრაფვის ამ დროს საქართველოს მთავრობა, რომ რუსული გაზი შემოიტანოს - ეს ძალიან ბევრ ეჭვს იწვევს. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება, ჩვენ ძალიან მალე, 1-2 წელიწადში დავბრუნდებით იმ დროში, როდესაც ყველანი ვიდექით ნავთის რიგებში", - ამბობს ჩალაგაშვილი. 
 
დღესვე საქართველოს პრემიერმა სოკარის პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევთან გამართა შეხვედრა. შეხვედრას კახა კალაძეც ესწრებოდა, რომელმაც სოკარს Gazprom-თან მიმდინარე მოლაპარაკებათა დეტალები გააცნო. ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ Gazprom-მა საქართველოს სოკარზე უფრო იაფი ბუნებრივი აირი შესთავაზა, ამიტომაც საქართველო წელს სავარაუდოდ 300-400 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს შეიძენს.
 

12 იანვარს კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს კიდევ უფრო იაფ გაზს შესთავაზებს, თუკი ქვეყანა უფრო დიდი მოცულობის რუსულ გაზს შეიძენს.

"მე ციფრებისგან თავს შევიკავებ და მათ არ გავაჟღერებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ არსებულ ფასებზე ნაკლებია, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანთან. ეს ფასები საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ჩვენ ეს ფასები წარვადგინეთ სოკართან, ვუთხარით აბსოლუტურად გახსნილად, რა შემოთავაზებები გვქონდა. გვექნება შეხვედრა სოკართან და მას შემდეგ გავაკეთებთ განცხადებებს", - ამბობს კალაძე.

კახა კალაძე ამბობს, რომ სოკარს არ შეუძლია საქართველოს ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, რისი მიზეზიც მილების გამტარუნარიანობა და ბუნებრივი აირის მოხმარების სეზონურობაა.

კომენტარები