საქართველო-ლიტვა

პრეზიდენტი: ჩვენ ახლაც ვდგავართ ჩვენს ლიტველ მეგობრებთან ერთად

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვის თავისუფლების დაცვის 25 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო პატივს მიაგებს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ლიტვის თავისუფლებისათვის ბრძოლას.

"დღეს ლიტვის თავისუფლების დაცვის 25 წლისთავია! დღე, რომელიც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 1991 წლის 13 იანვარს, ლიტველმა ხალხმა საკუთარი სიცოცხლე შეწირა უდიდეს იდეალს - აეშენებინათ თავისუფალი, წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს გმირული საქციელი ცხადყოფს, რომ ვერაფერი აღუდგება წინ დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სულსა და შთაგონებას. საქართველო პატივს მიაგებს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე თავისუფლებას, როგორც მათ უმაღლეს ღირებულებას მიუძღვნეს! ქართველები და ლიტველები ერთად იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისათვის; ჩვენ ახლაც ვდგავართ ჩვენს ლიტველ მეგობრებთან ერთად, რომ მომავალი თაობებისათვის შევქმნათ ნათელი მომავალი", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

კომენტარები