საქართველო-ლიტვა

რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ ლიტვის საგარეოში საქართველოს ელჩი დაიბარეს

სალომე შაფაქიძე

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია, 29 მაისს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე დაიბარეს. ინფორმაციას ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოს მმართველი პარტიის გადადგმული ნაბიჯისა და ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის შეზღუდვისა და დაშინების სხვა ქმედებების გამო".

ლიტვის საგარეო უწყების განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დათქმით გადაეცა და ქვეყანამ 9 ნაბიჯის შესრულების ვალდებულება აიღო. ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის" კანონის განხილვა დაიწყეს, "ევროკავშირმა ერთხმად გააფრთხილა, რომ რუსეთის სტილის კანონი არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებსა და ღირებულებებს და იყო უარის თქმა აუცილებელი რეფორმების გატარებაზე". ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებას აქცევს იმ ფაქტსაც, რომ "წამოიწყეს რამდენიმე სხვა კანონპროექტიც, რომელიც შეუსაბამოა ევროკავშირში ინტეგრაციასთან". ხაზგასმულია მზარდი ანტიდასავლური რიტორიკაც და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დაშინებისა და ძალადობის კამპანიაც.

"ლიტვა ღრმად შეშფოთებულია ამ მოვლენებით და პარტნიორებთან ერთად განიხილავს საქართველოს მიმართ შესაძლო საპასუხო ქმედებებს." – წერია განცხადებაში.

განცხადების ბოლოს ლიტვის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება.

"ლიტვა აგრძელებს უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მისწრაფებების მიმართ, დაუკავშირონ ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და NATO-ს." – წერს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები