გაზპრომთან მოლაპარაკებები

ენმ საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე კახა კალაძის მისვლას მოითხოვს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მისვლას და მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა.

"საქართველო დგება ვითარებაში, როდესაც ერთის მხრივ, კარგავს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანს, ასუსტებს იმ კონტაქტებს, რომლებიც ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში აზერბაიჯანთან და ასევე ჩვენი პოზიციები სუსტდება საერთაშორისო არენაზე. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ მინისტრ კალაძეს, მოვიდეს უმცირესობის სხდომაზე და პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არის გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებული.

ყველაზე დიდი წილი გაზპრომის კერძო მფლობელებიდან აქვს სწორედ იძინა ივანიშვილს. ეს არის ის გარემოება, რომელიც აჩენს ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ მის ინტერესებს ლობირებს კალაძე, როდესაც აწარმოებს მოლაპარაკებებს გაზპრომთან. ის წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილს და არ წარმოადგენს საქართველოს.

თუ ისევ იქნება მცდელობა, რომ სახელმწიფომ არ გაასაჯაროოს ის მოლაპარაკებები, რომელიც აჩენს კითხვის ნიშნებს, როგორც ჩვენს რეგიონალურ-სტრატეგიულ პარტნიორებში, ისე საერთაშორისო არენაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს ყველა საშუალებას, მათ შორის, საჯარო, ქუჩის აქციებსაც, რათა შეაჩეროს ხელისუფლების ეს უკეთური მცდელობები", - თქვა წიკლაურმა.

კომენტარები